პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა დარღვევისთვის, მათ შორის გარე ვაჭრობისთვის, სანქციები მკაცრდება.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე იზრდება. საკანონმდებლო განხილვისას დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ გარემოვაჭრეები მძიმე სოციალური პირობების გამო იძულებულნი არიან ქუჩაში ივაჭრონ და მათთვის 2000-ლარიანი სანქცია არაადეკვატურია.
„შეგვიძლია, ამ საკითხზე ვიმუშაოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი მიზანი იყო იმის გათვალისწინება, რომ აღნიშნული პუნქტით მრავალი საკითხი რეგულირდება. დამეთანხმებით თუ ნებართვის მოსაკრებელი ჯარიმაზე ბევრად მეტია, სამართალდამრღვევს უღირს, გადაიხადოს ჯარიმა და არ აიღოს ნებართვა, რაც დაუშვებელია. სწორედ ამიტომ შევიდა ცვლილება სახდელის ნაწილში.
თუმცა შეგვიძლია ამ საკითხს გადავხედოთ და დავამუშაოთ. იმისათვის, რომ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა ჰქონდეს, განვიხილავთ სხვა მუხლებში არსებულ სანქციებსაც და საკითხს კომპლექსურად წარმოგიდგენთ მეორე მოსმენისთვის", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
შსს-ის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა, ანდა ზომების მიუღებლობა გზის ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად ასაკრძალად, შესაზღუდად ან აღსადგენად, როცა ამ გზით სარგებლობა ზღუდავს ან საფრთხეს უქმნის მოძრაობას, ან გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანება, გზის საფარის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა, გარე ვაჭრობის მოწყობა, ან არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიცემული წერილობითი მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 500 ლარისა.
დღეს, 2 მარტს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევაზე არსებული ჯარიმები იზრდება.