თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 5 000 000-ე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ აეროპორტისა და ზოგადად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში. მეხუთე მემილიონე მგზავრი საფრანგეთის  მოქალაქე პიერ ბერეტი იყო, რომელიც თბილისიდან პარიზის მიმართულებით გაფრინდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეხუთე მემილიონე მგზავრის დაჯილდოების სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

 

მგზავრთნაკადის მხრივ წელს რეკორდული მაჩვენებლებია როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ტავ ჯორჯიას გათვლებით, 2025 წელს თბილისისა და ბათუმის აეროპორტები 6,6 მილიონი მგზავრით დახურავენ. 11 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ზრდა 13%-ია, ხოლო ბათუმში 30%. ტავ ჯორჯიას მართვაში არსებული ორივე აეროპორტი ამ 2025 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში 6 147 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო 12 აგვისტო, როცა მან მიიღო და გააცილა ჯამში 97 რეისი - 21 959 მგზავრით. ბათუმისთვის კი რეკორდული იყო 24 აგვისტო, როცა აეროპორტმა მიიღო და გააცილა 35 რეისი და მოემსახურა 8 446 მგზავრს.

 

“დღეს 5 დეკემბერია და ჩვენს აეროპორტში წლის განმავლობაში  მეხუთე მემილიონე მგზავრს მოვემსახურეთ. 9 ოქტომბერს კი რეკორდული ციფრი აღვნიშნეთ ბათუმში, სადაც ისტორიაში პირველად წლიურად მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენი კომპანიისთვის. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა  წელს  ტავ ჯორჯიას საქართველოში ოპერირების 20 წელი შეუსრულდა და შედარებისთვის გეტყვით, რომ ზუსტად 20 წლის წინ, როცა TAV Airports-მა  საქართველოში საქმიანობა დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 540 000 იყო. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელიც. ჩვენი კომპანია, ამ 20 წლის განმავლობაში ჯამში უკვე მოემსახურა 50 მილიონზე მეტ მგზავრს თბილისსა და ბათუმში.  დღეს, 20 წლის შემდეგ, ქვეყნის მთავარ საერთაშორისო კარიბჭეს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს.  ვხედავთ რომ მგზავრთნაკადი წლიდან წლამდე მატულობს და ჩვენი კომპანია მზად არის დამატებითი ინვესტიციები ჩადოს ჩვენს მართვაში არსებული აეროპორტების განვითარებაში.“ -  აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

 

ტავ ჯორჯიამ საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და მას შემდეგ ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი თბილისსა და ბათუმში. დღეისთვის კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1900-ზე მეტი ადამიანი. 20 წლის განმავლობაში ტავ ჯორჯიას ინვესტიციამ უკვე გადააჭარბა  230 მლნ აშშ დოლარს. 

 

ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.