ჰოლივუდის სცენარსტთა გილდია შეუერთდა მოთხოვნას, დაიბლოკოს Netflix-ის მიერ სტუდია Warner Bros.-ის შეძენა. Financial Times-ის ცნობით, ჰოლივუდი შიშობს, რომ ეს გამოიწვევს ხალხის დათხოვნას სამსახურიდან, ხელფასების შემცირებას და სამუშაო ადგილების კლებას მთელს დარგში.

მანამდე კინომრეწველობის წარმომადგენლებმა და გავლენიანმა პროფკავშირებმა მოუწოდეს მარეგულირებლებს, დაბლოკონ გარიგება. მსახიობმა ჯეინ ფონდამ განაცხადა, რომ ეს გარიგება „მთელს გასართობ ინდუსტრიას უქმნის საფრთხეს“.

5 დეკემბერს გამოცხადდა, რომ Netflix-ი 82,7 მილიარდ დოლარად შეიძენს Warner Bros.-ის ჰოლდინგურ კომპანიას, მათ შორის HBO-სა და HBO Max-ს. გარიგება ერთხმად დაამტკიცეს კომპანიების დირექტორთა საბჭოებმა. მანამდე Skydance-მა დაასრულა გარიგება Paramount-ის 8 მილიარდ დოლარად შეძენის თაობაზე. კინოს სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ ეს გარიგებები გამოიწვევს სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების მყიდველთა რაოდენობის შემცირებას.

Netflix-ის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა პარასკევს განაცხადა, რომ Warner Bros.-თან გარიგება კომპანიას საშუალებას მისცემს, გააფართოოს წარმოება აშშ-ში და გააგრძელოს ინვესტირება ორიგინალურ კონტენტში.

გარიგების გაფორმება მოსალოდნელია არაუადრეს 2026 წლის მესამე კვარტლისა ან უფრო გვიან. მანამდე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს გამოძიება იმის დასადგენად, უნდა გასაჩივრდეს თუ არა გარიგება. The Wall Street Journal-ის ცნობით, უწყებამ უკვე დაიწყო იმის განხილვა, გაერთიანება კიდევ უფრო როგორ გააძლიერებს Netflix-ის დომინირებას მედიაინდუსტრიაში. ასეთი გარიგებების გამოძიებას, როგორც წესი, მინიმუმ 10 თვე სჭირდება.

WSJ-ის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ Netflix-ის მიერ სტრიმინგის სერვისის, HBO Max-ის შეძენამ შესაძლოა დაარღვიოს ანტიმონოპოლიური კანონები გაერთიანებული კომპანიის მასშტაბის გამო. Netflix-ი და HBO Max-ი ერთობლივად გააკონტროლებენ აშშ-ის სტრიმინგის ბაზრის დაახლოებით 30 პროცენტს.

თუ გარიგება დამტკიცდება, Netflix-ი შეიძენს Warner Bros.-ის საწარმოო სიმძლავრეებს, სტუდიის დისტრიბუციის განყოფილებას, Warner Bros. Television-ს, Warner Bros. Motion Picture Group-ს, DC Studios-ს, HBO საკაბელო არხს, HBO Max სტრიმინგ სერვისს და ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების ფართო ბიბლიოთეკებს. Netflix-ი შეიძენს უფლებებს DC Universe-ის კომიქსებზე, ფილმებსა და სერიალებზე, საკულტო სერიალებზე „სოპრანოების კლანი“, „სამეფო კარის თამაშები“, „The Wire“, „მეგობრები“, „დიდი აფეთქების თეორია“ და სხვა, ასევე ჰარი პოტერის სამყაროს უფლებებს.

www.radiotavisupleba.ge