შვეიცარიული კომპანია IQAir-ის კვლევის თანახმად, პაკისტანს მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი აქვს. გასულ წელს ქვეყანაში საშუალო დაბინძურების დონემ კრიტიკულ ზღვარს - კუბურ მეტრზე 67.3 მიკროგრამს მიაღწია, რაც თითქმის 13-ჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ წლიურ, კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამ ლიმიტს.
PM2.5 არის 2.5 მიკრომეტრი ან უფრო მცირე ზომის სუსპენზიური ნაწილაკები. მცირე ზომის გამო, მათ შეუძლიათ ფილტვებსა და სისხლში ღრმად შეღწევა და სერიოზული დაავადებების გამოწვევა. ეს მაჩვენებელი ჰაერის ხარისხის შეფასების გლობალურ სტანდარტად ითვლება. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მწვავეა პაკისტანის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ლაჰორი. სმოგის სეზონი გარემოსდაცვითი პრობლემიდან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პირდაპირ საფრთხედ იქცა. ექსპერტები დაბინძურების მთავარ მიზეზებად სამრეწველო გამონაბოლქვებს, ავტომობილების გამონაბოლქვს, მოსავლის ნარჩენების წვას, ქვანახშირის გამოყენებას და ათასობით აგურის ღუმელის მუშაობას ასახელებენ.
IQAir-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნები:
პაკისტანი - 67.3 მკგ/მ³;
ბანგლადეში - 66.1 მკგ/მ³;
ტაჯიკეთი - 46.3 მკგ/მ³;
ჩადის რესპუბლიკა - 45.4 მკგ/მ³;
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 40.8 მკგ/მ³;
ინდოეთი - 38.2 მკგ/მ³.
გარდა ამისა, კვლევამ შემაშფოთებელი ტენდენცია გამოავლინა: ჰაერის დაბინძურება გლობალურია. IQAir-ის მონაცემებით, შესწავლილი ქვეყნების 91%-მა ვერ შეძლო PM2.5 ნაწილაკების შემცველობის ჯანმო-ს მიერ დადგენილ მიზნის შესრულება.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე