2 დეკემბერს ლატვიის მთავრობამ დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არასრულწლოვნებს ნარკოტიკების განმეორებითი მოხმარებისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

დაგეგმილი ცვლილებები არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი დევნის სფეროში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, მოზარდებს შეექმნათ ისეთი გარემო, სადაც მათ სასჯელთან და მის შედეგებთან პირდაპირი შეხება კი არ ექნებათ, არამედ დროული სამედიცინო და სოციალური დახმარების მიღების საშუალება მიეცემათ.

ამ ინიციატივით გასულ წელს ლატვიის სამედიცინო ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „შემოქმედებითი ცენტრი“ (Radošais centrs) გამოვიდნენ. მათი აზრით, საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს მოზარდებსა და ახალგაზრდებში ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების თავიდან აცილებას. ამასთან, ეს ნაბიჯი უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა პრევენციული ზომებისთვის, რადგან დამოკიდებულ პირებს შეეძლებათ, თავიანთ პრობლემებზე უფრო გახსნილად ისაუბრონ.

„ამჟამად, არასრულწლოვნებს, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულნი და თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, წარმატებული რესოციალიზაციის ნაკლები შანსი აქვთ. ეს ასევე მნიშვნელოვნად ართულებს ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებულებისგან განკურნებას“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, ინესე ლიბინია-ეგნერემ მთავრობის სხდომაზე.

ლატვიის ჯანდაცვის სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის სფეროში უცხოური პრაქტიკა გააანალიზა, საიდანაც ირკვევა, რომ ესტონეთმა, ლიეტუვამ, ჩეხეთმა, იტალიამ, პოლონეთმა, ხორვატიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა არასრულწლოვნების მიერ ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოახდინეს. ამ ქვეყნებში, სასჯელის ნაცვლად, ბენეფიციარებს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამებს სთავაზობენ, რათა ახალგაზრდებმა განკურნება და საზოგადოებაში რეინტეგრაცია შეძლონ.

სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დეკრიმინალიზაცია პირდაპირ გავლენას არ ახდენს ნარკოტიკების მოხმარებისა და ფლობის გავრცელებასა და ტენდენციებზე, მაგრამ შეუძლია, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გააუმჯობესოს.

„ადამიანებს, რომლებსაც ადრე სამედიცინო დახმარების თხოვნა, შესაძლოა, სამართლებრივი შედეგების გამო ეშინოდათ, საკანონმდელო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს, სამედიცინო სერვისების მოძიებისას,“, - ნათქვამია საკანონმდებლო ცვლილების ანოტაციაში.

„ნარკოტიკული საშუალებების მიმოქცევის შესახებ“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ზრდასრულთა მიერ ნარკოტიკების განმეორებითი მოხმარების დეკრიმინალიზაციას არ ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მოიწონა ნარკომანიისა და ნარკოტიკების კონტროლის საკოორდინაციო საბჭომ.

კანონში ცვლილებების შეტანა ახლა სეიმმა უნდა დაამტკიცოს.

წყარო: 1 არხი