კანადა აშშ-ის წინააღმდეგ ახალ საპასუხო ტარიფებს 8 სექტემბრიდან აამოქმედებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და ვაშინგტონმა კანადური საქონლის ნაწილზე 50%-იანი ტარიფები აამოქმედა.

კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, ოტავა აშშ-ის ზომებს „დოლარი დოლარზე“ პრინციპით უპასუხებს. აშშ-ის ახალი ტარიფები დაახლოებით 28 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების კანადურ საქონელს ეხება, შესაბამისად, კანადის საპასუხო ზომების ეკონომიკური მოცულობაც ანალოგიური იქნება.

ტარიფები ძირითადად შეეხება ამერიკულ ფოლადს, რძის პროდუქტებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას, ცელულოზასა და ქაღალდს, ასევე ელექტრონიკას. პროდუქტების სრული ჩამონათვალი და ტარიფების კონკრეტული განაკვეთები კანადის მთავრობას ჯერ არ გამოუქვეყნებია.

აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები მას შემდეგ აამოქმედა, რაც ბოლო ეტაპზე სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. კანადის მთავრობის განცხადებით, ვაშინგტონმა მოლაპარაკებების ბოლოს ახალი პირობები წამოაყენა, რომლებიც ეკონომიკურად არახელსაყრელი და არასამართლიანი იყო. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა კი პასუხისმგებლობას კანადას აკისრებს.

კანადის მთავრობა ასევე გეგმავს დამატებით დახმარებას იმ კომპანიებისა და დასაქმებულებისთვის, რომლებიც ამერიკული ტარიფებით ზარალდებიან. კარნის განცხადებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით დაახლოებით 25 მილიარდი კანადური დოლარის მხარდაჭერა უკვე გამოიყო.

კანადა აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. კარნის განცხადებით, აშშ ყოველწლიურად კანადაში თითქმის 600 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების საქონელსა და მომსახურებას ყიდის, ხოლო კანადა ამერიკული პროდუქციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო ბაზარია.

წყაროები:

https://www.pm.gc.ca/en/news/speeches/2026/08/22/prime-minister-carney-delivers-remarks-canada-us-trade-negotiations

https://www.pm.gc.ca/en/news/statements/2026/08/21/statement-prime-minister-carney-canada-us-trade-negotiations

https://www.reuters.com/business/carney-says-new-canadian-tariffs-us-goods-will-come-into-effect-september-8-2026-08-22/

https://www.reuters.com/world/americas/us-canadian-trade-teams-meet-again-tariffs-deadline-looms-2026-08-21/

https://ustr.gov/about/policy-offices/press-office/press-releases/2026/july/ambassador-greer-issues-statement-president-trump-imposing-section-338-tariffs-canada