ირანმა ერაყის რამდენიმე ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტის გავლის სპეციალური ნებართვა მისცა. ინფორმაციას Reuters ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერაყის ხელისუფლების რამდენიმეთვიანი დიპლომატიური მცდელობა, რომ ირანის მიერ ნაწილობრივ შეზღუდულ სრუტეში ერაყული ნავთობის ტრანსპორტირება აღდგენილიყო. ერაყის ნავთობის მინისტრმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ ბაღდადი თეირანთან ცალკეული ტანკერების დაშვების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ომამდე ერაყი დაახლოებით 4 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა დღეში, თუმცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების შეფერხებამ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეამცირა. ერაყის ნავთობის სამინისტრო აცხადებს, რომ კრიზისამდე ქვეყანა დღეში დაახლოებით 3.4 მილიონ ბარელ ნავთობს ყიდდა საერთაშორისო ბაზრებზე.
ჰორმუზის სრუტეზე გადის მსოფლიო ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ნაკადების დაახლოებით მეხუთედი. ბოლო თვეებში გემების მოძრაობა მკვეთრად შემცირდა. Reuters-ის მონაცემებით, 21 აგვისტოს სრუტე მხოლოდ შვიდმა სასაქონლო გემმა გაიარა, მაშინ როდესაც მშვიდობიან პერიოდში მოძრაობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო.
ერაყისთვის საკითხს განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის სახელმწიფო შემოსავლების დიდი ნაწილი ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებული. ერაყის ნავთობის სამინისტროს განცხადებით, ნავთობის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 90%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ამიტომ ბაღდადი ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების გაფართოებასაც ცდილობს, მათ შორის თურქეთის ჯეიჰანის პორტის, სირიის ბანიასისა და იორდანიის აქაბის მიმართულებებით.
ამ კონკრეტული ნებართვის ფინანსური ეფექტი ჯერ უცნობია, რადგან არც ტანკერების რაოდენობა, არც გადაზიდული ნავთობის მოცულობა და არც შესაბამისი შემოსავალი ოფიციალურად გამოქვეყნებულა.
წყაროები:
https://ina.iq/ar/economie/262910-.html