მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის, კომპანიამ Boring Company დაფინანსების უახლეს რაუნდში $3 მილიარდი მოიზიდა. შედეგად, მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობაში სპეციალიზებული ამერიკული სტარტაპის ღირებულებამ $23 მილიარდს მიაღწია.
Boring Company-ს ინფორმაციით, დაფინანსების რაუნდში მოზიდული თანხა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიწისქვეშა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ განვითარებას მოხმარდება. აღნიშნული პროექტი 150 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს. Boring Company-ის განცხადებითვე, ეს შეთანხმება დუბაის Loop-ის პროექტზე მასშტაბური იქნება.
მასკის სტარტაპის D-სერიის დაფინანსების რაუნდის მონაწილეებს შორის იყვნენ: Human Capital-ი, Vy Capital-ი, Valor Equity Partners-ი, Sequoia Capital-ი, A16Z, Temasek-ი, Shamal Holding-ი და Baron Capital-ი, ასევე კომპანიის მოქმედი და ახალი ინდივიდუალური ინვესტორები.
ცნობისთვის, ილონ მასკმა Boring Company დაახლოებით ათი წლის წინ დააარსა. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, სწრაფი და მასშტაბური მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემის რეალიზაციაში პროგრესი შედარებით შეზღუდული იყო. ამ დრომდე კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პროექტი ლას-ვეგასის Vegas Loop-ია, ასევე მასკის სტარტაპმა წელს ტენესის შტატში გვირაბის მშენებლობა დაიწყო და, პარალელურად, დუბაის პროექტზე მუშაობს.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ინვესტორებს დაფინანსების გარდა კომპანიის განვითარებაში ჩართულობაც ევალებათ. მათ შორის, მოვალეობები თანამშრომლების მოძიებასა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საჭირო კონტაქტების დამყარებას ითვალისწინებს. WSJ-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორები ვალდებულებებს ვერ შეასრულებენ, მასკის სტარტაპი აქციების ნაწილის უკან გამოსყიდვის უფლებას იტოვებს.
საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. თუმცა WSJ-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე მოკლე პასუხით — „true“ — გამოეხმაურა.