1 დეკემბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი გაეპროტესტებინა და მთავრობის გადადგომა მოეთხოვა.

2026 წლის ბიუჯეტი ევროში პირველად დაიგეგმა. ევროკავშირის საერთო ვალუტაზე ბულგარეთი 1 იანვარს გადავა.

დემონსტრანტებს ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული გადასახადებისა და სოციალური შენატანებით გამოწვეული შედეგები აშფოთებთ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის გამო არიან აღშფოთებულნი. ისინი პრემიერ-მინისტრ როსენ ჟელიაზკოვის ხელმძღვანელობით მოქმედი უმცირესობის კოალიციური მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

ორშაბათს გამართულ აქციებზე მომიტინგეები ბულგარეთისა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და სკანდირებდნენ: „გადადექით“ და „მაფია“.

მედიის ცნობით, სოფიაში გამართულ აქციაზე შეტაკებები მოხდა, როდესაც მომიტინგეების ნაწილი მმართველი პარტიის შტაბ-ბინისკენ დაიძრა და სამართალდამცველებს ბოთლები და ქვები დაუშინა.

უპარტიო პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე დაწერა, რომ ყოველგვარი ძალადობა უნდა შეწყდეს. ის მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.

მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას ბულგარეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რამაც ჟელიაზკოვი აიძულა, პირობა დაედო, რომ მისი კაბინეტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს გაიწვევდა და ახალ ვარიანტს მოამზადებდა.

წყარო: 1 არხი