ათასობით წლის წინ, ეგრეთ წოდებული „ენების ოქროს ხანის“ დროს, ადამიანებს შეეძლოთ ათიათასობით ენაზე საუბარი - ზოგიერთი შეფასებით, მათი რიცხვი 75 000-ს აღწევდა. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 7,500 დარჩა, – ამ დასკვნამდე მივიდნენ ესპანეთის, გერმანიის, აშშ-სა და ახალი ზელანდიის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი. მათი მიზანი იყო ენების ისტორიის რეკონსტრუქცია ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში.
ენობრივმა მრავალფეროვნებამ პიკს დაახლოებით ძვ.წ. 1000 წლიდან ახ.წ. 1000 წლამდე მიაღწია. მეცნიერები ამ სიმრავლეს, სხვა საკითხებთან ერთად, სოფლის მეურნეობის გავრცელების შემდეგ მოსახლეობის მკვეთრ ზრდას უკავშირებენ. ხალხის რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ბევრი ჯგუფი საკმაოდ იზოლირებულად ცხოვრობდა და მეზობლებთან თითქმის არ ჰქონდათ კონტაქტი. შედეგად, სხვადასხვა თემში სხვადასხვა ენა ჩნდებოდა.
მაგრამ თანდათანობით სიტუაცია შეიცვალა: დიდმა სახელმწიფოებმა გააფართოვეს საზღვრები და მათთან ერთად გავრცელდა ენები, რომლებზეც საუბრობდნენ ჩინოვნიკები, ვაჭრები და სამხედროები. ამგვარად, რომის იმპერიაში ლათინური გახდა ასეთი საერთო ენა, ანუ lingua franca, ხოლო აღმოსავლეთში ბერძნული ფართოდ გამოიყენებოდა.
შედეგად, ოდესღაც არსებული ენების მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა დღემდე. ამავდროულად, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დანარჩენებთან ერთად, კაცობრიობამ შესაძლოა დაკარგოს გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ სიტყვები და გრამატიკა - ენებთან ერთად, გაქრა მათთან დაკავშირებული ცოდნა და ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს აღწერის გზები. გარდა ამისა, დღეს ანალოგი არ გააჩნია ბგერებს, გრამატიკულ კონსტრუქციებს და აზრების გამოხატვის გზებს.
ენების შემცირება გრძელდება — ამჟამად მსოფლიოში მათგან დაახლოებით 7,500 არსებობს და ყოველწლიურად სულ მცირე ოთხი მათგანი ქრება. განსაკუთრებით სწრაფად ქრება პატარა ხალხების ენები, როგორიცაა ამაზონის ან პაპუა-ახალი გვინეის შორეულ რაიონებში მცხოვრები ხალხები. ახალგაზრდები ქალაქებში გადადიან, ბავშვები სკოლაში სახელმწიფო ენაზე გადადიან და მათი მშობლიური ენა მომავალ თაობას სულ უფრო და უფრო ნაკლებად გადაეცემა.
ამ პროცესს აჩქარებს გლობალიზაცია, მიგრაცია და მსოფლიოს უდიდესი ენების, მათ შორის ინგლისურის გავრცელება. პროგნოზების მიხედვით, საუკუნის ბოლოსთვის დაახლოებით 1500-მდე ენა შეიძლება აღარ გამოიყენებოდეს.