გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ვენესუელა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) დატოვებას განიხილავს, რამაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ნავთობის კარტელს, რომელიც ქვეყანაში ათწლეულების წინ შეიქმნა.
საკითხზე ინფორმირებული პირების მიხედვით, OPEC-დან გამოსვლის იდეა აშშ-სთან გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილება. ამასთან, Bloomberg-ის ცნობით, კარაკასზე თეთრი სახლის გავლენაზე მეტყველებს ისიც, რომ აშშ ვენესუელის მხარესთან ნავთობის საბადოების წილში შესვლაზეც მართავს მოლაპარაკებებს.
წყაროების თქმით, ამ წინადადებას მოლაპარაკებებზე ორივე ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ. ზოგიერთმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ერთ-ერთ შესაძლო შეთანხმებად ვენესუელის რამდენიმე ნავთობსაბადოზე 100-წლიანი იჯარაც განიხილება.
მანამდე აშშ-სა და ვენესუელას შორის ნავთობის საბადოების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაცია Axios-მა გაავრცელა. გამოცემის მიხედვით, მსგავსი ისტორიული შეხვედრა აშშ-ს ნავთობის რეზერვებს თითქმის გააორმაგებს.
Axios-ის მიხედვით, დეტალებზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, საქმე ეხება ათეულობით ნავთობის საბადოს და არა ვენესუელის მთლიან, 300 მილიარდი ბარელის ოდენობის რეზერვებს.
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ განხილვის ქვეშ მყოფი საბადოები 90 მილიარდი ბარელის ოდენობის რეზერვებს შეიცავს და მათ წარსულში მადუროს რეჟიმთან დაახლოებული პირები მართავდნენ.
Axios-ის ცნობით, აშშ-სთვის წილის მიცემით ვენესუელის მთავრობა სარგებელს კერძო კომპანიებიდან მიიღებს, მათ შორის, ამერიკული ფირმებიდან, რომლებიც ქვეყანაში საბადოებს განავითარებენ და ბიუჯეტში ნავთობიდან შემოსავლებს გაზრდიან.