რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში დახმარებას გააგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„26 აგვისტოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები კვლავ აღნიშნავენ მათი ბედისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დღესასწაულს: აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღეს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 2008 წელს ამ დღეს აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი. ამ გადაწყვეტილებამ დაასრულა ორივე რესპუბლიკის ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, იხსნა ისინი იმდროინდელი საქართველოს კრიმინალური რეჟიმის მიერ დაგეგმილი განადგურებისგან და საფუძველი ჩაუყარა მათი ბედნიერი მომავლის მშენებლობას. რუსეთის წვლილი რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაში, „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ კონფლიქტის ესკალაციისკენ წაქეზების ფონზე, ამ დღესასწაულს ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანს ხდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ზახაროვას თქმით, ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთ-აფხაზეთის და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, 2008 წლის 9 სექტემბერს მოსკოვმა დაამყარა „დიპლომატიური ურთიერთობები“ სოხუმთან და ცხინვალთან, ხოლო 2008 წლის 17 სექტემბერს ხელი მოაწერა „მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებებს“.

„ამჟამად ჩვენ ვეხმარებით ამ ახალგაზრდა რესპუბლიკებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროების განვითარებაში და საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებაში. ვმუშაობთ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე, ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნასა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარებაზე. ვაპირებთ გავაგრძელოთ მეგობარი ქვეყნებისთვის ფართო დახმარების გაწევა მათი სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცებაში. გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ფასეულობების შესანარჩუნებლად. ვუსურვებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოძმე რესპუბლიკებს მშვიდობას, სიკეთეს და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ზახაროვამ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.