ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის რეფორმის ოთხი ძირითადი პრინციპი წარადგინა. მისი ხედვა ევროპულმა საბჭომ 2026 წლის ოქტომბრის სამიტზე უნდა განიხილოს.
კოსის განცხადებით, ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მომზადება ოთხ მიმართულებას უნდა დაეფუძნოს: გარდამავალ ზომებს, შიდა ინსტიტუციურ რეფორმებს, უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებასა და კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივ ინტეგრაციას.
გარდამავალი ზომები ახალი წევრების ევროკავშირში შეუფერხებელი ინტეგრაციისთვის იქნება საჭირო. კოსის განმარტებით, უნდა შეფასდეს, რა გავლენას მოახდენს გაფართოება მოქმედ წევრ სახელმწიფოებზე და შესაძლო რისკების შემთხვევაში მათი ინტერესების დასაცავად შესაბამისი ზომები უნდა ამოქმედდეს. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტმა კვლავ უნდა შეძლოს კავშირის პრიორიტეტების დაფინანსება.
მეორე მიმართულებად ევროკომისარი შიდა რეფორმებს ასახელებს. მისი თქმით, უფრო დიდმა ევროკავშირმა ეფექტიანობის შენარჩუნება და კრიზისების დროს სწრაფი რეაგირება უნდა შეძლოს. კოსის განცხადებით, საჭიროა გადაწყვეტილების მიღების პროცესის მეტი მოქნილობა, მათ შორის იმ სფეროების შემცირება, სადაც ერთ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ყველა დანარჩენის გადაწყვეტილების დაბლოკვა.
კოსი ასევე საუბრობს ევროკავშირის ინსტიტუტების ზომის შემცირებაზე და იმ შესაძლებლობაზე, რომ კონკრეტულ საკითხებში წევრი ქვეყნების მცირე ჯგუფებმა უფრო სწრაფად შეძლონ წინსვლა. მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა უკვე არსებობს შენგენის სივრცისა და ევროს შემთხვევაში.
მესამე მიმართულება უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებაა. კოსის განცხადებით, ევროკავშირმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქვეყნების გაწევრიანება, რომლებმაც მომავალში შესაძლოა კავშირის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს საფრთხე შეუქმნან.
„ტროას ცხენების“ თავიდან ასაცილებლად, მისი თქმით, ევროკავშირს უფრო ძლიერი მექანიზმები სჭირდება, რომლებიც ღირებულებებისა და ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის პრევენციას და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებას უზრუნველყოფს. კოსმა აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი პირობაა და არა უბრალოდ სასურველი მექანიზმი.
მეოთხე მიმართულებად ევროკომისარი ეტაპობრივ ინტეგრაციას მიიჩნევს. მისი განცხადებით, კანდიდატი ქვეყნების სრულ გაწევრიანებამდე ევროკავშირმა მათ კავშირის კონკრეტული სარგებელი უნდა შესთავაზოს, განსაკუთრებით სტრატეგიულ სექტორებში.
კოსის შეფასებით, გაფართოების პროცესში „ყველაფერი ან არაფერი“ მიდგომა უნდა შეიცვალოს უფრო სტრუქტურირებული მოდელით. მისი თქმით, კანდიდატების გაწევრიანებისთვის მომზადებას დრო სჭირდება, თუმცა ევროკავშირის მოწინააღმდეგეები კანდიდატ ქვეყნებს ამ დროის გამოყენების შესაძლებლობას აღარ აძლევენ.
მარტა კოსმა ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მზადებას მისი თაობის „ჰელსინკის მომენტი“ უწოდა. 1999 წელს ჰელსინკიში ევროპელი ლიდერები ევროკავშირის მასშტაბური გაფართოებისთვის საჭირო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
„ევროკავშირის გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩვენი კავშირის ზომის გაზრდა. ჩვენს კონტინენტზე „რუხი ზონების“ დატოვება ყველას დაუცველს გვტოვებს და ზრდის გაურკვევლობას“, — განაცხადა კოსმა ზაგრებში, დიპლომატთა კონფერენციაზე.
ევროკომისრის თქმით, 2026 წელი გაფართოების მიმართულებით პროგრესის თვალსაზრისით რეკორდული იქნება. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე ყველაზე წინ არიან მონტენეგრო, რომელმაც გაწევრიანების ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყო, და ალბანეთი, რომელმაც მოლაპარაკებების თავების დახურვა დაიწყო.
კოსის განცხადებით, უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის კანონმდებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი აჩვენეს და ახლა დარჩენილი მოლაპარაკებების კლასტერი ოფიციალურად უნდა გაიხსნას.
მისივე თქმით, ისლანდია მიმდინარე კვირის ბოლოს გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებაზე კენჭს უყრის. კოსის შეფასებით, როგორც ერთიანი ბაზრის წევრ ქვეყანას, ისლანდიას მოლაპარაკებების დასრულება შესაძლოა ერთ ან ორ წელიწადში შეეძლოს.
ევროკომისარს სურს, რომ ლიდერთა ამ ჯგუფს სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ. მისი თქმით, ამისთვის მათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ნდობის მოპოვება და საკუთარი ვალდებულებების შესრულებისადმი მტკიცე დამოკიდებულების ჩვენება დასჭირდებათ.
კოსის განცხადებით, კანდიდატი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მოლოდინები მხოლოდ ევროპული კანონმდებლობის მიღებით აღარ შემოიფარგლება და სულ უფრო მეტად ეხება მათ სტრატეგიულ არჩევანს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
„კანდიდატმა ქვეყნებმა ნამდვილად უნდა აირჩიონ ევროპა. ჩვენი საერთო უსაფრთხოება. ჩვენი საერთო ფასეულობები“, — განაცხადა მან.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა გაფართოება სტრატეგიულ აუცილებლობად გამოაცხადა.
ამჟამად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები არიან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა, ხოლო კოსოვო პოტენციური კანდიდატის სტატუსით სარგებლობს.
თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებები 2018 წლიდან გაყინულია. საქართველოსთან კი მოლაპარაკებები ჯერ არ გახსნილა. ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურ დონეზე რჩება მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სტატუსის მისაღებად განსაზღვრული პირობები არ შეასრულა.
ევროკავშირის გაფართოებასა და საჭირო რეფორმებზე სტრატეგიული განხილვა ევროპული საბჭოს 2026 წლის ოქტომბრის სამიტზე იგეგმება.