ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება, ვიდრე ირანის პირობები არ შესრულდება.

„როცა საბრძოლო ველზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ და მტერი დასუსტდება, დიპლომატია უნდა გამოვიყენოთ ამ შედეგების განსამტკიცებლად, სანამ მტრის დამარცხებითა და საკუთარი ძალის გაძლიერებით შეკავების ეტაპს არ მივაღწევთ“, – აღნიშნავს ირანის პარლამენტის სპიკერი.

ღალიბაფმა ირანის პოზიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი „სრულიად მკაფიო და გონივრულია. მისივე თქმით, ირანის გზავნილები და პირობები მეორე მხარეს შუამავლების მეშვეობით გადაეცა.

„ვიდრე ეს პირობები არ შესრულდება, სანამ ირანელი ერის განუყოფელი უფლებები აღიარებული არ იქნება და ამერიკელები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მოლაპარაკებების წინა ფორმატში დაბრუნება და ჰორმუზის სრუტის გახსნა შეუძლებელი იქნება“, – განმარტა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.