აშშ ეუთო-ს მრავალი წევრის შეშფოთებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამას 2014 წლის ავისმომასწავებელი ელფერი დაჰკრავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვგმობთ სასტიკ აგრესიასა და რეპრესიებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ევროპასთან მჭიდრო კავშირის გზაზე დარჩენის მოწოდებით გამოდიან, კერძოდ, ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და მათი დაკავებების შესახებ ცნობებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
მისივე თქმით, წელს ეუთო ათეულობით არჩევნებს დააკვირდა, მათ შორის აშშ-ში და ორგანიზაციის შეფასებები ოქროს სტანდარტად ითვლება.
„ეუთო-მ დაადასტურა, რომ რუსეთის ჩარევის მიუხედავად, მოლდოვაში არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული. ახლა რუმინეთის ხელისუფლება რუსეთის ფართო და კარგად დაფინანსებულ ძალისხმევას ავლენს. ამავდროულად, საქართველოში დამკვირვებლებმა ნათელი მოჰფინეს შემაშფოთებელ ცნობებს ამომრჩეველთა დაშინებისა და მმართველი პარტიის მცდელობების შესახებ, რომ გარემო მის სასარგებლოდ გამოეყენებინა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებები ხაზს უსვამს ეუთო-ს მუშაობის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაცვის გაძლიერების მიზნით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.