რუსული ონლაინ-ვაჭრობა უკრაინული დრონების თავდასხმების გამო 400 მლნ. შეკვეთასა და 400 მლრდ. რუბლის (4.73 მლრდ. დოლარის) შემოსავალს დაკარგავს. ამის შესახებ ანალიტიკურ კომპანია Data Insight-ის მონაცემებში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მარკეტპლეის Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების სერია 18 ივლისს, ხოლო Ozon-ზე 25 აგვისტოს დაიწყო.
შედეგად, Data Insight-მა ბაზრის ზრდის პროგნოზი 20%-ით შეამცირა. კერძოდ, წელს ონლაინ-გაყიდვების რუსული ბაზარი პროგნოზირებული 10 მილიარდის ნაცვლად 9.6 მლრდ. შეკვეთამდე გაიზრდება, ხოლო მთლიანი გაყიდვები 15.4 ტრლნ. რუბლის (182.3 მლრდ. დოლარის) ნაცვლად 15 ტრლნ. რუბლს (177.5 მლრდ. დოლარს) მიაღწევს.
კომპანიის შეფასებით, ეს მხოლოდ უკრაინული თავდასხმების ეფექტია ბაზრის საწყობებზე და ზარალის ძირითადი ნაწილი Wildberries-ზე მოდის: „საწყობების დაბომბვებმა Wildberries-ზე პროდუქციის არჩევანის ნაკლებობისა და მიწოდების უფრო ხანგრძლივი ვადის გამო გაყიდვების შემცირება გამოიწვია. პროდუქტები ხშირად ან კონკრეტულ ქალაქში, ან საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო გზაზე დამატებით მიწოდებას საჭიროებს“.
„გაჭედილი“ შეკვეთების ან გაყიდვიდან გამქრალი პროდუქტების, დაახლოებით, 30% მყიდველებმა „საერთოდ გააუქმეს“. Wildberries-ზე დარჩენილი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა უფრო სხვა ონლაინ-პლატფორმებზე, ნაკლებად კი ოფლაინ-პლატფორმებზე გადანაწილდა.
მყიდველები „ჩვეულებრივ“ მაღაზიებში, პირველ რიგში, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და წიგნების, შემდეგ კი სახლის ნივთებისთვის შედიოდნენ. შედეგად, წლევანდელ ზაფხულს სავაჭრო ცენტრებში მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდა, რაც ხანგრძლივი კლების ფონზე მოულოდნელი იყო.
Wildberries-ზე აქტივობას გამყიდველებიც ამცირებენ. მიზეზი, მათ შორის, გადახდების დაგვიანებაა, რაც აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყო. მაგალითად, 17 აგვისტოს მოთხოვნილი თანხა გამყიდველების უმეტესობამ აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისშიც ვერ მიიღო. მარკეტპლეისმა მათი ვალი მხოლოდ მას შემდეგ გაისტუმრა, რაც გადაუხდელობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
Data Insight-ის მონაცემებით, Wildberries-ის მმართველმა კომპანიამ RWB-მა საწყობებისა და ინფრასტრუქტურის დაკარგვის გამო შესაძლოა, 147-დან 280 მლრდ. რუბლამდე (1.74-დან 3.3 მლრდ. დოლარის) ზარალი განიცადოს, ხოლო გამყიდველებმა წინასწარ 445–507 მლრდ. რუბლი (5.3-6 მლრდ. დოლარი) უკვე დაკარგეს. თავდასხმების შედეგად მარკეტპლეისის ყველა ძირითადი ლოგისტიკური ობიექტი დაზარალდა.
Data Insight-ის შეფასებით, Ozon-ისა და მისი გამყიდველებისთვის მთლიანი ზარალი გაცილებით დაბალია და ჯერ მხოლოდ, დაახლოებით, 100 მლრდ. რუბლს (1.2 მლრდ. დოლარს) შეადგენს. ასევე, Alfa Bank-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ Ozon-ს გაცილებით განშტოებითი სასაწყობო ინფრასტრუქტურა აქვს და მსხვილი კომპლექსების უმეტესობას იჯარით იღებს.
წყარო: bpn.ge