„როიტერსის“ ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ გლობალური საზღვაო გადაზიდვები ისევ დიდი კრიზისის წინაშე დააყენა. ჩინეთიდან ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ ტვირთების ტრანსპორტირების ფასმა უკვე მიაღწია პანდემიისდროინდელ პიკურ ნიშნულებს და შესაძლოა, უახლოეს ხანში აბსოლუტური რეკორდიც კი მოხსნას.

პლატფორმა Xeneta-ს მონაცემებით, ერთი 40-ფუტის (12.192 მეტრი) სიგრძის კონტეინერის გადაზიდვის ფასი 10 948 დოლარამდე გაიზარდა, რაც ომამდელ პერიოდის ღირებულებაზე ოთხჯერ მეტია. ამის მთავარი მიზეზი საწვავის გაძვირებაა — ჰორმუზის სრუტეში ნავთობმზიდებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის მილსადენების დაზიანებამ გემების საწვავის ფასი მკვეთრად გაზარდა, რასაც საზღვაო კომპანიები (მათ შორის MSC, Maersk და COSCO) გადაზიდვის ტარიფებზე დამატებითი გადასახადების დაწესებით პასუხობენ. კონტეინერმზიდების საწვავი (Bunker) 27 თებერვლის 543.50 დოლარიდან ტონაზე 901.50 დოლარამდე გაძვირდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფასების ახალი ისტორიული რეკორდი შესაძლოა უკვე ამ თვეში დამყარდეს. ამას ხელს უწყობს ჩინეთში „ოქროს კვირეულის“ მოახლოებაც, როდესაც სადღესასწაულო უქმეების წინ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Walmart და Amazon, ჩინური ქარხნებიდან პროდუქციის ექსპორტს დაჩქარეულად ცდილობენ, რაც მოთხოვნასა და ფასებს კიდევ უფრო ზრდის.

ცნობისთვის,შანხაი-ნიუ-იორკის მარშრუტი მსოფლიოს უმსხვილესი საზღვაო გიგანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და შემოსავლიანი მიმართულებაა.