სახელმწიფო უნივერსიტეტებში ახალი აკადემიური პოზიციის, წამყვანი პროფესორის, დანერგვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამ დროისთვის შესაბამისი კონკურსები მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია გამოცხადებული, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
წამყვანი პროფესორის თანამდებობის შექმნის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ 2026 წლის თებერვალში, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განაცხადა. თავდაპირველი გეგმით, წამყვანი პროფესორები კონკრეტულ აკადემიურ მიმართულებებს უხელმძღვანელებდნენ, მათი ყოველთვიური ანაზღაურება კი 10 000 ლარი უნდა ყოფილიყო.
ამ ეტაპზე შერჩევის პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. თსუ-მ წამყვანი პროფესორების შესარჩევი კონკურსები იურიდიულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე გამოაცხადა.
საკონკურსო პირობების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის მინიმუმ 8-წლიანი გამოცდილება. ასევე გათვალისწინებულია სამეცნიერო მიღწევები, მათ შორის სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და ეროვნულ ან საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობა.
კონკურსი 28 ივლისს გამოცხადდა, ხოლო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის თსუ-ის აკადემიური საბჭოსთვის წარდგენა 21 სექტემბერს არის დაგეგმილი.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ წამყვანი პროფესორების დანერგვის პროცესი მათთან ჯერ არ დაწყებულა. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე რეფორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება და სხვა უნივერსიტეტებში შესაბამისი პოზიციების შემოღება მოგვიანებით იგეგმება.
წამყვანი პროფესორების პოზიციები ამ ეტაპზე არც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია დანერგილი. ბსუ-ში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი პროცესში რეფორმის შესაბამის ეტაპზე ჩაერთვება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი აკადემიური პოზიციის დანერგვა უნივერსიტეტებში ეტაპობრივად განხორციელდება და საწყის ეტაპზე აქცენტი თბილისის წამყვან უნივერსიტეტებზე გაკეთდება.
მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, წამყვანი პროფესორის ხელზე მისაღები ანაზღაურება 10 000 ლარი იქნება, რაც დარიცხული სახით დაახლოებით 12 500 ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, წამყვანი პროფესორის პოზიცია სტანდარტული კათედრის ანალოგი არ იქნება და უფრო ფართო აკადემიურ მიმართულებას გააერთიანებს. პოზიციების რაოდენობისა და კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა, სამინისტროს განმარტებით, რეფორმის განხორციელების პარალელურად მიმდინარეობს.
წამყვანი პროფესორის ინსტიტუტის შექმნა უმაღლესი განათლების რეფორმის ნაწილია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში აკადემიური მიმართულებების გაერთიანება და მართვის ახალი მოდელის ჩამოყალიბება იგეგმება.
წყარო: Batumelebi.ge