რუსეთში, მათ შორის ქვეყნის ელიტის წარმომადგენლებში, იზრდება შიში, რომ ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დასრულების შემდეგ შესაძლოა ახალი მობილიზაცია გამოაცხადოს,- ამის შესახებ Bloomberg საკუთარ ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კრემლში მომუშავე ზოგიერთი მაღალჩინოსანი მეგობრებსა და ნათესავებს უახლოეს თვეებში რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს და საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშების გახსნის შესაძლებლობებს ეძებს. Bloomberg-ის ცნობით, ანალოგიურად იქცევიან სამხედრო სამსახურში რეკრუტირების პუნქტების თანამშრომლებიც.
შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა რეგიონებში საჯარო მოხელეების შემცირების გეგმას უკავშირდებოდეს. წლის დასაწყისში პუტინმა რეგიონებში საჯარო მოხელეების რაოდენობის 15%-ით შემცირება დაავალა, რაც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას უნდა ემსახურებოდეს. Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ზოგიერთი პირი შიშობს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები შესაძლოა მობილიზაციის ფარგლებში სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.
Bloomberg-ის წყაროს, ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურების ერთ-ერთი წარმომადგენლის ცნობით, რუსეთი შესაძლოა უკრაინის ომში დამატებით 300 ათასი ადამიანის გაგზავნისთვის ემზადებოდეს.
წყაროს განცხადებით, 2022 წლის სექტემბრისგან განსხვავებით, როდესაც რუსეთში მობილიზაციის ოფიციალურ გამოცხადებას ქვეყნის დატოვების მასშტაბური ტალღა მოჰყვა, ამჯერად კრემლმა შესაძლოა მობილიზაციის შესახებ ფორმალური განცხადება საერთოდ არ გააკეთოს.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთმა სამხედრო კომისარიატების მუშაობა ისე გადააწყო, რომ მათ გაწვეულთა შესაძლო დიდი ნაკადის მართვა შეძლონ. ქაღალდის უწყებების ნაცვლად მოქალაქეებს შესაძლოა ელექტრონული შეტყობინებები გაეგზავნოთ, რასაც ქვეყნის დატოვების შეზღუდვაც შეიძლება მოჰყვეს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ვალდებულებების მქონე მოქალაქეების შესახებ ფართო მონაცემთა ბაზებზე წვდომა აქვს. ერთიანი სამხედრო აღრიცხვის რეესტრი დაკავშირებულია საგადასახადო სამსახურის მონაცემებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებთან, სამედიცინო ისტორიასთან, ქონების შესახებ ინფორმაციასა და სასაზღვრო კონტროლის მონაცემებთან.
Bloomberg-ის წყაროს განცხადებით, პუტინს ახალი მობილიზაციის ჩატარების საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლ რუსულ არმიას ახალი სამხედროების მოზიდვა სჭირდება. პუტინი კვლავ ელოდება, რომ რუსეთის ძალები დონბასის სრულად დაკავებას შეძლებენ.
Bloomberg-ს მოსკოვში სტატისტიკასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები ამჟამად კვირაში დაახლოებით 1 000 დაღუპულს აღწევს. მისი თქმით, არმიას დამატებითი სამხედროები სჭირდება, მაშინ როდესაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების მსურველთა „ხარისხი“ მნიშვნელოვნად გაუარესდა.
რუსეთის მიერ უკრაინის ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი სამხედრო მოსამსახურის შენარჩუნებისთვის, რასაც თავად პუტინი ასახელებდა, ქვეყანას ყოველწლიურად დაახლოებით 400 ათასი ახალი სამხედრო მოსამსახურის მოზიდვა სჭირდება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის გაფორმებისთვის საშუალო ერთჯერადი ბონუსი რეკორდულ 1.8 მილიონ რუბლამდე გაიზარდა, ახალწვეულთა რაოდენობა მცირდება. გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ცენტრის ექსპერტ იანიუს კლუგეს გათვლებით, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა 234 ათასი ახალი სამხედრო მოიზიდა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 260 ათასი იყო.
Bloomberg-ის ანალიტიკოს ალექს კოკჩაროვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ტერიტორიული წინსვლაც მნიშვნელოვნად შენელდა. მისი მონაცემებით, ზაფხულის შეტევის შედეგად რუსეთის კონტროლქვეშ მხოლოდ 155 კვადრატული კილომეტრი გადავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13-ჯერ ნაკლებია — მაშინ რუსეთის ძალებმა 2 037 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.
Re: Russia-ს ხელმძღვანელი კირილ როგოვი მიიჩნევს, რომ ფრონტზე არსებული ვითარება რუსეთისთვის ცოცხალი ძალის დეფიციტზე მიუთითებს. მისი შეფასებით, თუ კრემლის მიზანი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დონბასის საზღვრებამდე მიღწევაა, დამატებითი მობილიზაცია შესაძლოა საჭირო გახდეს.
პოლიტოლოგ ეკატერინა შულმანის შეფასებით, კრემლმა შესაძლოა მობილიზაციის ძირითადი ტვირთი იმ რეგიონებზე გადაიტანოს, სადაც სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროს პუტინის მიმართ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დაფიქსირდება.
„იქ, სადაც ლოიალურობა, დისციპლინა და ადმინისტრაციული ეფექტიანობა იქნება დემონსტრირებული, უფრო მეტი ადამიანი გაიწვევა“, — განაცხადა შულმანმა Bloomberg-თან. მისი თქმით, კრემლის ლოგიკით, თუ რეგიონულმა ხელისუფლებამ არჩევნების ორგანიზება ეფექტიანად შეძლო, მას მობილიზაციის პროცესის მართვაც კარგად უნდა შეეძლოს.