არგენტინის მთავრობამ ფოლკლენდის კუნძულებზე საქმიანობისთვის კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის სანქციების გამკაცრების კანონპროექტი წარადგინა. როგორც „როიტერსი“ წერს ინიციატივამ შესაძლოა, გაერთიანებულ სამეფოსთან დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს.
ფოლკლენდის კუნძულებს გაერთიანებული სამეფო აკონტროლებს, თუმცა მათზე სუვერენიტეტს არგენტინაც აცხადებს. კანონპროექტი სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს იმ კომპანიებისა და პირებისთვის, რომლებიც არგენტინის ნებართვის გარეშე კუნძულებზე ან არგენტინის მიერ საკუთარ საზღვაო სივრცედ და კონტინენტურ შელფად მიჩნეულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში მონაწილეობენ.
„კანონპროექტის მიზანია, დაისაჯონ ისინი, ვინც ჩვენს ბუნებრივ რესურსებს უკანონოდ იყენებს; შეიქმნას სტიმული, რომ მსგავსი ქმედებები შეწყვიტონ და ეროვნულ მთავრობას გარე საფრთხეებისგან თავის დასაცავად საჭირო საშუალებები მიეცეს“, — ნათქვამია არგენტინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კანონპროექტი 2011 წელს მიღებული კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს და სანქციებს კომპანიებთან ერთად მათ აქციონერებსა და მომსახურების მიმწოდებლებზეც ავრცელებს. ინიციატივა ასევე პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.
გაერთიანებული სამეფოს პოზიციით, არგენტინას კუნძულებზე ან იქ მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობაზე იურისდიქცია არ აქვს. ლონდონი კუნძულების მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.
მანამდე, სექტემბრის დასაწყისში, არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულების, რომელსაც არგენტინა მალვინის კუნძულებად მოიხსენიებს, დაბრუნება ქვეყნის მუდმივი მიზანია.
მილეის განცხადებებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ედ მილიბენდი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლონდონის პოზიცია უცვლელია — კუნძულები ბრიტანულია და ასე დარჩება.