ანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2030-იან წლებში მსოფლიოს შესაძლოა ჯანდაცვის სფეროში პერსონალის მნიშვნელოვანი დეფიციტი შეექმნას. ორგანიზაციის შეფასებით, მომდევნო ათწლეულში ექიმების დაახლოებით მეოთხედი პენსიაზე გავა.

ჯანმოს ახალი, ფართომასშტაბიანი ანგარიში, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, მიუთითებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დაბერებასთან ერთად თავად ჯანდაცვის მუშაკებიც ბერდებიან. ამ ორი პროცესის ერთდროულად მიმდინარეობამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს უკვე პროგნოზირებული გლობალური დეფიციტი.

ჯანმოს განცხადებით, 2030 წლისთვის მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროს დაახლოებით 11.1 მილიონი თანამშრომლის დეფიციტი იქნება.

„ბევრ ქვეყანაში ჩვენი მოსახლეობაც და ჯანდაცვის მუშაკებიც ერთდროულად ბერდებიან. ამან შესაძლოა 2030 წლისთვის ჯანდაცვის მუშაკების პროგნოზირებული, 11.1-მილიონიანი გლობალური დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავოს“, — განაცხადა ჯანმომ.

ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის 67 ქვეყანას შესაძლოა აღარ ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის სამედიცინო პერსონალი, რათა შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურების ის სტანდარტი, რომელიც ამჟამად აქვს.

მხოლოდ იმისთვის, რომ ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნდეს, მსოფლიოში დამატებით დაახლოებით 832 000 ჯანდაცვის მუშაკი იქნება საჭირო.

ეს მდგომარეობა განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება გახდეს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. პერსონალის დეფიციტის გამო ისინი შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებული უცხოელი სამედიცინო მუშაკების მოზიდვაზე.

ჯანმოს ანგარიშის თანახმად, ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების ხარისხზე, საიდანაც კვალიფიციური ექიმებისა და სხვა სპეციალისტების გადინება ხდება.

ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკების დაბერება მნიშვნელოვანი პრობლემაა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვისაც, მათ შორის ევროპის მრავალი ქვეყნისთვის.

ამ ქვეყნებში სამედიცინო პერსონალის ასაკობრივი სტრუქტურა უფრო ხანდაზმულია და ყოველი სამი ექიმიდან დაახლოებით ერთი მომდევნო ათი წლის განმავლობაში პენსიაზე გავა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემებს ერთდროულად ორი გამოწვევის გამკლავება მოუწევთ: მოსახლეობის დაბერებასთან ერთად სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა გაიზრდება, მაშინ როცა ექიმებისა და სხვა სამედიცინო სპეციალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაო ბაზარს დატოვებს და პენსიაზე გავა.

რაში ხედავს ჯანმო გამოსავალს?

ორგანიზაციის შეფასებით, საჭიროა მეტი ინვესტიცია ჯანდაცვის კადრების მომზადებაში —ექიმების, ექთნების და სხვა სპეციალისტების მომზადების შესაძლებლობების გაზრდა, რათა პენსიაზე გასული თანამშრომლების ჩანაცვლება მოხდეს.


მხოლოდ ახალი ექიმებისა და ექთნების მომზადება საკმარისი არ არის. ჯანმო ხაზს უსვამს სამუშაო პირობების, ანაზღაურების, კარიერული შესაძლებლობებისა და დასაქმების პირობების გაუმჯობესების საჭიროებას, რათა კადრებმა პროფესია და ქვეყანა არ დატოვონ.

რადგან ხანდაზმულ მოსახლეობას უფრო მეტი სამედიცინო და მოვლის სერვისი სჭირდება, ჯანდაცვის სისტემებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ, რამდენი და რა ტიპის სპეციალისტი დასჭირდებათ მომავალში.

ამასთან, მდიდარი ქვეყნების მიერ უცხოელი ექიმებისა და ექთნების მასობრივმა მოზიდვამ შეიძლება კადრების დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავოს იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი მიდიან. ამიტომ ჯანმო საერთაშორისო რეკრუტირების უფრო სამართლიან და მდგრად მიდგომასაც მოითხოვს.

Jandacva.ge