საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკამ გამორჩეული მდგრადობა და სტაბილურობა გამოავლინა, თუმცა გლობალური გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან წნეხს ქმნის.
ამის შესახებ თურნავამ რეგიონში ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკისა და უმსხვილესი ამერიკული ბანკის, J.P. Morgan-ის, პარტნიორობით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
„დღევანდელ მღელვარე გლობალურ ეკონომიკურ გარემოში, ვამაყობთ, რომ საქართველოს ეკონომიკამ და საფინანსო სექტორმა გამორჩეული მდგრადობა, სტაბილურობა და ზრდა გამოავლინა. ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია — ამის თქმით ძალიან ვამაყობ. ამან გააძლიერა ჩვენი შესაძლებლობა, გავუძლოთ საგარეო შოკებს და დავიცვათ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. თუმცა, ჩვენი ეკონომიკა კვლავ განიცდის გლობალური გამოწვევებიდან მომდინარე წნეხს“, — განაცხადა ნათია თურნავამ.