21-ე სკოლის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, შენობის ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნის არსებობის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა ჰქონდეთ.

„რამე რომ ჩამოვარდეს, სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მოსწავლეების უსაფრთხოება პრიორიტეტულია და განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს. მისი თქმით, მოსწავლეები დროებით სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან, შემდეგ კი 21-ე სკოლის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა აშენდება.

კალაძემ პარალელი ავარიულ საბავშვო ბაღებთან გაავლო და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში მერია ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე მოქმედებდა. მისი თქმით, იგივე მიდგომა უნდა არსებობდეს სკოლების შემთხვევაშიც.

„ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, 21-ე სკოლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი. მშობლების ნაწილი სწორედ გადაწყვეტილების დროით და კომუნიკაციის საკითხით არის უკმაყოფილო. მათი თქმით, სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების პროცესი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის მოსამზადებლად ერთი წელი ჰქონდა. არსებული გეგმის მიხედვით, მოსწავლეები სწავლის გასაგრძელებლად სხვა სკოლებში გადანაწილდებიან, 21-ე სკოლის ადგილზე კი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება იგეგმება.