„დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, არასწორი იქნებოდა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალურ ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით.
კალაძის თქმით, უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას „რასაც, რა თქმა უნდა,
მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.
„პირველ რიგში, მინდა, ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, რადგან მშობლები ვართ და თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვი განსაკუთრებულია. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ბოლო წლებში თბილისის საჯარო ბაღებში დაინერგეთ HACCP-ის სტანდარტი, რაც შესაძლებლობას იძლევა, „მწარმოებლიდან და მომწოდებლიდან დაწყებული ბენეფიციარამდე დასრულებული“, სრულად გაკონტროლდეს საკვები პროდუქტები.
„არცერთი პროდუქტის მიღება არ ხდება, თუ არ გვაქვს აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები. სურსათის სააგენტო სისტემატურად ამოწმებს პროდუქტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვებას, ბავშვების სათამაშოებს, რათა იყოს ეკოლოგიურად სუფთა. თეთრეულზეც კი განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული.
„კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის შემდეგ მათთან ხელშეკრულება ფორმდება. ისინი ვალდებულნი არიან, პროდუქციის მიწოდების დროს თითოეულ პროდუქტზე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული შემოწმების ოქმები წარმოადგინონ.
დაველოდოთ მოკვლევას, რათა დადგინდეს, სად იყო პრობლემა და რა გახდა ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ და არც პასუხისმგებლობას. თუ ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან დაშვებული შეცდომა გამოიკვეთება, ამას, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კალაძემ.

