მოთხოვნის არარსებობის გამო, ახალი წლის დღეებში სასტუმრო დაკეტილი იყო, - ამის შესახებ Wald Hotel Lagodekhi-ის მენეჯერმა ქეთი კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრომ ფუნქციონირება 3 იანვარს განაახლა, თუმცა მთელი თვის განმავლობაში ობიექტი თითქმის ცარიელი იყო.
"ზოგადად, ლაგოდეხში არსებულ სასტუმროებზე ზამთრის სეზონზე არ არის ხოლმე დიდი მოთხოვნა. მაგრამ ასეთი ინციდენტი, რომ ახალი წლის დღეებში სასტუმრო დაკეტილიყო, არ გვქონია. მოთხოვნის არარსებობის მიზეზი შესაძლებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გახდა. წლიურ ჭრილში, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით სასტუმროს გაყიდვები დაახლოებით, 20%-ით შემცირდა", - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.
რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს - ქეთი კაპანაძე აღნიშნავს, რომ წინასწარი ჯავშნები ძირითადად ბანკეტებზე შედის.
"ზაფხულის სეზონის ჯავშნები ჯერჯერობით არ გვაქვს. კახეთი ტურისტული თვალსაზრისით განვითარებულია და პოპულარიზაციაც ხდება, თუმცა მაინც არ არის ისეთი დაინტერესება როგორიც უნდა იყოს. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დასტაბილურდება და მოთხოვნაც გაიზრდება", - აღნიშნა ქეთი კაპანაძემ.
ცნობისთვის, ლაგოდეხის ნაკრძლის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში 45 ნომერი ფუნქციონირებს. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია 3 კოტეჯი, მათ შორის, ორი საცხოვრებელი კოტეჯი საუნით, ხოლო ერთი სპა-საუნისთვის. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს რესტორანს, ბარს და ორ ღია აუზს.