TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ძალიან გაზრდილია ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა შვიდჯერ არის გაზრდილი, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა
„რაც შეეხება TRIPP-ის მარშრუტს, რაც არის ალტერნატიული მარშრუტი, ჩვენ კონკურენტად ამას არ განვიხილავთ. მათ შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო - არის ძალიან გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ TRIPP-ის მარშრუტს ან რაიმე სხვა მარშრუტს შეუძლია რაიმე არსებითი პრობლემა შეუქმნას ტრადიციულ მარშრუტებს, რომელიც გადის საქართველოზე. მათ შორის ეს ეხება ანაკლიას. ანაკლიის მიმართ დაინტერესება არის ძალიან დიდი და ეს დაინტერესებაც მეტყველებს თავისთავად იმაზე, რომ კონკურენტი ანაკლიის მარშრუტს და საქართველოს მარშრუტს არ ჰყავს.
ზოგადად, 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვა, რასაც სჭირდება ახალ-ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ეს არის, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, ეს არის საავიაციო ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო მგზავრების გადაყვანის კუთხით, არამედ ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც. ავტობანები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები - ჩვენი გეგმის მიხედვით, 2031 წელს უკვე ყველა ავტობანი, ყველა ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა იყოს აშენებული. 2030-შიც შეიძლება ყველას აშენება, ერთი მონაკვეთი შეიძლება დარჩეს 2031 წლისთვის. ასევე რკინიგზის შემდგომ მოდერნიზაციაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რის საფუძველზეც გაიზრდება როგორც მატარებლების მოძრაობის ტემპი, ასევე ზოგადად ტვირთბრუნვა გაიზრდება რკინიგზის მეშვეობით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმები, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის შემდგომ ზრდას საქართველოს გავლით.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ TRIPP-ი არ არის კონკურენტი ჩვენი მარშრუტისთვის. იქნება რეალურად შემავსებელი იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს შუა დერეფანში ფიქსირდება. ჩვენ მთავარია, რომ ბოლომდე მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც გვაქვს დაკავშირებადობის კუთხით დღეს დასახული“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს