პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების ე.წ. საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან ე.წ. რესპუბლიკებზე თავდაუსხმელობის შესახებ თბილისისგან მკაფიო გარანტიების მიღებისა და საქართველოსა და მის ე.წ. "მეზობლებს" შორის საზღვრების საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმების პროცესის დაწყების პერსპექტივები განიხილა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამეულის ფორმატში ლავროვმა და მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებმა საერთო ინტერესის მქონე გლობალური და რეგიონული საკითხები განიხილეს. მათ ასევე მხარი დაუჭირეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხნივალის მუდმივი პირდაპირი "დიალოგის" გაგრძელებას საქართველოსთან ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიებზე. ამას გარდა, შეხვედრაზე მოლაპარაკებების მექანიზმის ფარგლებში საერთო პრიორიტეტების მიღწევის გზებიც განიხილეს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, ლავროვისა და ე.წ. მინისტრების მოლაპარაკებებმა დაადასტურა "მოსკოვს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ურთიერთგაგებისა და ნდობის მაღალი დონე და ხელი შეუწყო თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას".