რუსი ჩინოვნიკები მალავენ ირკუტსკის რეგიონში ფილტვის ჭირის მასობრივ აფეთქებას, რომელმაც უკვე იმსხვერპლა ერთი ადამიანი და კარანტინში მოათავსა 189 ადამიანი, - ამის შესახებ The Sun წერს.

აღსანიშნავია, რომ ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა უარი თქვა ფილტვის ჭირის აფეთქების საჯაროდ განხილვაზე და მხოლოდ „საშიში ინფექციური დაავადების“ გავრცელება ახსენა, რეგიონში მასობრივი ღონისძიებები კი გააუქმა. ამასობაში, ირკუტსკის რეგიონში ანტიბიოტიკების მარაგი უკვე ამოიწურა, რადგან შეშინებულმა მოსახლეობამ აფთიაქებს მიაშურა.

რუსული მედია იუწყება, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვის ჭირით გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ეს დაავადება რუსეთსა და მონღოლეთს შორის საზღვარზე ექსპედიციის დროს დაუდგინდა, სადაც სწრაფად გავრცელებული ინფექციების შემთხვევები დადასტურდა.

The Sun-ის ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ ირკუტსკის ოლქის ბაიკალსკის მცხოვრებლებს ოფიციალური განცხადებით ურჩიეს, თავი აერიდებინათ შელეხოვში მოგზაურობისგან, თუმცა ეს შეტყობინება მოგვიანებით წაიშალა.

გამოცემამ დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის მთავარი ინფექციური დაავადებების ექიმი, ანა პოპოვა სასწრაფოდ მოსკოვიდან ირკუტსკის რეგიონშიც კი ჩაფრინდა, რათა საგანგებო რეაგირება პირადად აეღო, თუმცა დუმილი შეინარჩუნა.

წამყვანმა რუსმა ეპიდემიოლოგმა მიხაილ ფავოროვმა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოპოვას პირადად ირკუტსკში ყოფნა ნიშნავს, რომ სიტუაცია „საშინელი და კრიტიკულია“. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ფაქტების ფართომასშტაბიანი დაფარვა მიმდინარეობს.

ვრცლად unian.net - ზე