იტალიაში, კომოს ტბის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ვარენაში ტურისტებს ქუჩებში მაისურის გარეშე ან საცურაო კოსტიუმით გადაადგილებისთვის შესაძლოა 200 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ. ახალი წესები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობისგან არაერთი საჩივარი შევიდა ტურისტების შესახებ, რომლებიც შეუფერებელ ადგილებში ზედმეტად ღია ტანსაცმლით გადაადგილდებოდნენ.
შეზღუდვები 27 ივნისიდან მოქმედებს. პლაჟებისა და სანაპირო ზონის გარეთ ქალაქში აკრძალულია შიშველი ტორსით, საცურაო კოსტიუმით ან ზედმეტად ღია ტანსაცმლით სიარული. წესების დაცვას მუნიციპალური პოლიცია გააკონტროლებს.
ვარენას მერის, მაურო მანცონის განცხადებით, ქალაქი ყოველწლიურად ასობით ათას სტუმარს სიამოვნებით მასპინძლობს, თუმცა ტურისტების დიდი ნაკადი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დისკომფორტის მიზეზი არ უნდა გახდეს.
ახალი რეგულაციები ტურისტულ ჯგუფებსაც შეეხო. საექსკურსიო ჯგუფში ახლა მაქსიმუმ 25 ადამიანი შეიძლება იყოს, გიდებს კი ხმის გამაძლიერებლებისა და დინამიკების გამოყენება აეკრძალათ. ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100-დან 400 ევრომდეა, ცალკეულ შემთხვევებში კი გიდს ექსკურსიების ჩატარების უფლება დროებითაც შეიძლება შეუჩერდეს.
ტურისტულ ჯგუფებს ასევე ეკრძალებათ ქუჩებზე, ხიდებსა და მოედნებზე ისეთი ფორმით შეკრება, რომ ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა ვიზიტორებს გადაადგილებაში ხელი შეუშალონ.
მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს იტალიის სხვა პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც, მათ შორის ვენეციაში, პორტოფინოსა და გალიპოლიში. ტურისტების შეუფერებელი ჩაცმულობის გამო ჯარიმები ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის მალტასა და ხორვატიაშია შემოღებული.