ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ EU-ს მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, დარგი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

როგორც BMG-ის ტურისტული კომპანია „თრეველ ჯორჯია ვანის“ დამფუძნებელმა განუცხადა, ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, უკვე ფიქსირდება ევროკავშირიდან ჯავშნების გაუქმება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში კი ევროკავშირიდან ტურისტული ნაკადები კიდევ უფრო მეტად შემცირდება. მეორე მხრივ კი თავად საქართველოს მოქალაქეებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული ბიუროკრატია გაიზრდება, რაც თავის მხრივ, ვიზიტების რაოდენობასაც შეამცირებს.

„ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ ინტენსიურად დადიან სამოგზაუროდ, საქმიანი ვიზიტებით და გამარტივებულად მუშაობის პირობებში, უფრო მარტივად ვყიდით პაკეტებს. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება კი ბაზარს ძალიან ცუდად დაარტყამს. ეს კოლაფსი იქნება ტურისტული კომპანიებისთვის. მოგვიწევს, რომ სხვა ბაზრებზე გადავეწყოთ, ყველა ტურისტულს მოუწევს, რომ სხვა ბაზრებს მოერგოს, სადაც ჩვენ მარტივი წესით გავდივართ.

ეს შემომყვან ტურიზმზეც ცუდად აისახება. ჩვენთან ოდნავ რომ დაიძაბა სიტუაცია და აქციები იყო, ევროკავშირიდან უკვე დაფიქსირდა ჯავშნების გაუქმება. პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ გვეშინია და ვერ ჩამოვალთ თქვენთან. უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში კი ეს მიმართულებაც კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ამ შემთხვევაში, საავიაციო ბაზარსაც მოუწევს გადაწყობა. ევროპის მიმართულებით ფრენები შემცირდება და არცერთი ევროპული ავიაკომპანია აღარ შემოვა“, - განაცხადა ვახტანგ ქართველიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე ისევ გააქტიურდა.

გუშინ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ყველა ვარიანტი განიხილება და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე მომდევნო კვირებში წევრი ქვეყნები იმსჯელებენ და შესაბამისი გადაწყვეტილებები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საფუძველზე მიიღება.

bm.ge