ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში, მძღოლი გადაწყვეტილების გასაჩივრების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვას ვეღარ შეძლებს,- შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან ამოქმედდა.

ცვლილება კოდექსის 116-ე მუხლს ეხება, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვას არეგულირებს.

კანონის მიხედვით, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0.3 პრომილეზე მეტია, თუმცა 0.7 პრომილეს არ აღემატება, მართვის უფლება 6 თვით უჩერდება. 0.7 პრომილეზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის შემთხვევაში ან შემოწმებისთვის თავის არიდების მცდელობისას კი სანქცია მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.

კოდექსი ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს მართავს, თუმცა მას მართვის უფლება უკვე სხვა მიზეზით აქვს შეჩერებული ან საერთოდ არ აქვს მართვის მოწმობა. ასეთ შემთხვევებში მართვის უფლების შეჩერებასთან ერთად ფულადი ჯარიმაც არის გათვალისწინებული.

მანამდე მძღოლს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჰქონდა და გასაჩივრების პერიოდში ავტომობილის მართვასაც შეძლებდა. 31 აგვისტოდან ამოქმედებული ცვლილებით კი, მართვის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტომობილის მართვის შესაძლებლობას აღარ იძლევა.