კოსმოსური თვალსაზრისით, დედამიწა შეიძლება შევადაროთ პლანეტურ მარიონეტს, რომელსაც მზისა და მთვარის გრავიტაციული ძაფები „ქაჩავენ“.
თითქმის ასეა მთელ სამყაროში. მზისა და მთვარის გავლენა დედამიწაზე განაპირობებს ოკეანის მიქცევა-მოქცევას. ასეთივე პროცესს იწვევს მყარ ქანებშიც.
ვინაიდან მზე და მთვარე დედამიწის ქერქზე ზემოქმედებენ მცირე, მაგრამ მუდმივი მოქცევითი დაძაბულობებით, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ისინი იწვევენ მცოცავ „ნელ მიწისძვრებს“, რომლებიც ენერგიას გაცილებით ნელა გამოყოფენ, ვიდრე ჩვეულებრივი ბიძგები, იმდენად მცირეს, რომ ჩვენთვის, ზედაპირზე ბინადართათვის შეუმჩნეველია.
თუმცა, ბევრი არაფერი იყო ცნობილი იმის შესახებ, როგორ ახერხებენ ისინი ამას.
როგორც ახალი მოდელი მიუთითებს, ეს შეიძლება რეზონანსის გზით ხდებოდეს — დაახლოებით ისე, ღვინის ჭიქის კიდეზე სველი თითის შემოსმით ჰარმონიული (ან გამაღიზიანებელი) ხმა რომ გამოიცემა, ოღონდ პლანეტური მასშტაბით.
ჟურნალ JGR Solid Earth-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, დედამიწის და პლანეტურ მეცნიერთა ჯგუფმა ამ მოქცევითი შეშფოთებების მოდელირება ჩაატარა და დაადგინა, რომ მცირე ზემოქმედებასაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაძაბულობა ძალიან მცირეა, როგორც წესი რამდენიმე კილოპასკალის რიგის და ხელის ოდნავ დაჭერას ჰგავს, დაფიქსირებულია, რომ ისინი ნელ მიწისძვრებს იწვევს ზოგიერთ ნარღვევზე“, — წერენ მკვლევრები.
სიმულაციების, ზამბარა-ბლოკის მოდელის და სიჩქარესა და მდგომარეობაზე დამოკიდებული ხახუნის გამოყენებით, მათ შეისწავლეს ტექტონიკური ფილების საზღვრებზე მიმდინარე სრიალი, ცურვა და მსხვრევა.
სეისმოლოგიის სპეციფიკური ტერმინოლოგიის გარეშე რომ ვთქვათ, ეს არის რღვევის ხაზის ცალკეული უბნის გამარტივებული მოდელი. ის ასევე ითვალისწინებს მუდმივად ცვალებად ხახუნის წინააღმდეგობას რღვევის ხაზის კონტაქტურ ზედაპირზე, რაც ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: სიჩქარეზე (ტემპზე) და ურთიერთკონტაქტის ხასიათზე (მდგომარეობაზე).
ის ფაქტი, რომ ზურგზე ხელის მოთათუნების მსგავს მსუბუქ ზემოქმედებას სეისმური მოვლენების გამოწვევა შეუძლია, ასევე დამოკიდებულია მოდელირებაში გამოყენებული ნარღვევის ტიპზე — რომელიც სტაბილური მაჩვენებლით სრიალებს, მაგრამ ადვილად შეიძლება გამოვიდეს „კომფორტის ზონიდან“.
მისი სიჩქარის ზრდა შემდეგ იწვევს ხახუნის შემცირებას რღვევის ხაზის კონტაქტურ ზედაპირზე, რამაც მოდელში სრიალი გააადვილა — საკმარისად, რათა წარმოიქმნას როგორც „სწრაფი“, ისე ნელი სრიალის მოვლენები.
საერთო ჯამში, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ წარმოქმნილი მიწისძვრის ტიპი დამოკიდებულია რღვევის ფარდობით ხახუნის მახასიათებლებზე, რომლებიც ორი ძირითადი ფაქტორის ზემოქმედებით განისაზღვრება — მოქცევითი შეშფოთებების ამპლიტუდა (სიძლიერე) და პერიოდი (ხანგრძლივობა).
ამ ფაქტორებმა შესაძლოა განსხვავებული შედეგები გამოიწვიოს. თუკი მოქცევითი ძალების ამპლიტუდა დაბალია, რღვევამ შეიძლება ნელა და უჩუმრად სრიალი განაგრძოს.
მაგრამ როცა ამპლიტუდა ზღვარს აჭარბებს — და როცა პერიოდი შესაბამის დიაპაზონში ჯდება — ამან შეიძლება გამოიწვიოს რღვევის ხაზის გასწვრივ სრიალი და გრუხუნი.
მოქცევითი შეშფოთების ხანგრძლივობას შეუძლია გამოიწვიოს სეისმური აქტივობა, თუკი ის ემთხვევა რღვევის ხაზის „ბუნებრივი რეაგირების დროით მასშტაბს“ ან დროს, რაც მას სჭირდება რღვევის ზედაპირზე არსებულ სტრესორებზე რეაგირებისა და მისი თვისებების (მაგალითად, ხახუნის) შესაცვლელად (ე.წ. „სიჩქარესა და მდგომარეობაზე დამოკიდებულება“).
მკვლევართა განცხადებით, ამ რეზონანსს შეუძლია გამოიწვიოს ნელი მოვლენა მაშინაც კი, თუ შეშფოთება უმნიშვნელოა, ისე, როგორც საქანელას სწორი რიტმით ბიძგი მას უფრო მაღლა ამოძრავებს.
შედეგები შეიძლება იყოს პროგნოზირებადი და შეესაბამებოდეს რეალურ დაკვირვებებს — მაგალითად, იაპონიის სამხრეთ-დასავლეთსა და კასკადიის (წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი) რეგიონში დაფიქსირებულ რყევებს, რომლებიც ხშირად, მოქცევა-მიქცევის ციკლის შესაბამისად, დაახლოებით 12 და 24-საათიანი ინტერვალებით აღწევს პიკს.
თუმცა, შეშფოთებებმა ასევე შეიძლება აღძრას დროებითი რთული სეისმური აქტივობაც, რომელიც უფრო ქაოსური და არაპროგნოზირებადია.
და ბოლოს, მკვლევრებმა შეისწავლეს მოქცევით გამოწვეული სეისმური მოვლენების დროში განაწილების სამი შესაძლო სქემა.
პირველი, პროვოცირდება თუ არა სეისმური მოვლენები მოქცევითი დაძაბულობის მაქსიმუმის მიერ — მაშინ, როდესაც მოქცევითი ძალა პიკურ სიმძლავრეს აღწევს?
მეორე, ხდება თუ არა მათი პროვოცირება მოქცევითი დაძაბულობის ზრდის მაქსიმალური სიჩქარის პირობებში — მაშინ, როდესაც მოქცევითი ძალისგან წარმოქმნილი წნევა ყველაზე სწრაფად იზრდება?
ან იქნებ ისინი შემთხვევითად ხდება კონკრეტული მოქცევითი მახასიათებლის გარეშე.
მოდელი მიუთითებს, რომ ორივე სცენარი შესაძლებელია, თუმცა ეს დამოკიდებულია მოქცევა-მიქცევის ციკლის დროზე და რღვევის ხაზის მახასიათებლებზე.
დედამიწის ქერქზე მოქცევითი შეშფოთებების გავლენის მოდელირებით, ეს კვლევა გვთავაზობს ჩარჩოს ნელ მიწისძვრებში მოქცევითი მახასიათებლების ინტერპრეტაციისთვის, რამაც საბოლოოდ შეიძლება ხელი შეუწყოს მიწისძვრების პროგნოზირების მცდელობებს.
მაგალითად, სეისმოლოგებს შეუძლიათ, დაფიქსირებული მიწისძვრების მონაცემების „უკუანალიზის“ გზით დაადგინონ რღვევების მახასიათებლები — მაგალითად, მათი ხახუნისადმი მდგრადობა და ის, თუ რა მანძილზე უნდა გადაადგილდნენ ისინი სტრუქტურის შესუსტებამდე; ამისათვის ისინი გაზომილ სეისმურ აქტივობას მოქცევით აქტივობას ადარებენ, რადგან ეს უკანასკნელი ადვილად აღირიცხება — მზისა და მთვარის მდებარეობის თვალყურის დევნება ხომ რთული არ არის.
ვინაიდან ეს კვლევა რღვევის ზონის ცალკეული უბნის იზოლირებულად მოდელირებას ახდენს, შესაძლოა, ის უფრო მეტად შესაფერისი იყოს განმეორებითი სიმულაციისთვის, ადგილობრივი დაბალი სიხშირის მიწისძვრებისთვის (LFE), ვიდრე ისეთი სეისმური მოვლენებისთვის, როგორიცაა მიწისძვრის სუსტი ბიძგები, რომლებიც მრავალრიცხოვან უბანს მოიცავს და უფრო მასშტაბურია.
და ბოლოს, რადგან მკვლევრებმა წყნარი ოკეანის რეგიონის განსაკუთრებით აქტიურ სუბდუქციურ ზონებში ნელი მიწისძვრები დააფიქსირეს, ჯგუფი ამბობს, რომ ისინი „ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდიან ფილების საზღვარზე დაძაბულობის დაგროვებისა და გამოთავისუფლების შესახებ და შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალი მეგამიწისძვრების რღვევის პოტენციალისა და სივრცითი მასშტაბის შესაფასებლად“.
მეგამიწისძვრები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ტიპის სეისმური მოვლენებია, აქვთ გამანადგურებელი ცუნამებისა გამოწვევისა და მიძინებული ვულკანების გამოღვიძების პოტენციალი.
კვლევა JGR Solid Earth-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.