ხელისგულის ზომისა და 40 გრამის წონის კვადროკოპტერმა პირველად შეძლო ჰაერში კოღოს დამოუკიდებლად აღმოჩენა და განადგურება. ფრანგული სტარტაპის მიერ შექმნილი მოწყობილობის მიზანია მალარიასთან ბრძოლა, რომელიც ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.
დეველოპერები ასეთი კვადროკოპტერების მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავენ. კოღოები მალარიის გარდა დენგეს ცხელებისა და ზიკას ვირუსის გადამტანებიც არიან.
ტექნოლოგია ჯერ ექსპერიმენტულ ეტაპზეა, თუმცა მისი შემქმნელების შეფასებით, მომავალში ის ქიმიური საშუალებების ეკოლოგიურ და ეფექტიან ალტერნატივად შეიძლება იქცეს.
ამჟამად კვადროკოპტერის ფრენის მონაცემებს სტაციონარული კომპიუტერი ამუშავებს და მოწყობილობას ბრძანებებს გადასცემს. მომავალში კი დეველოპერები ყველა სენსორისა და გამოთვლითი სისტემის უშუალოდ კვადროკოპტერზე განთავსებას გეგმავენ.
მოწყობილობა მხოლოდ კამერებს არ ეყრდნობა. იგი ავტომობილის პარკირების სენსორის მსგავს ულტრაბგერით სონარს იყენებს, რომელიც ტალღებს აგზავნის და მფრინავი მწერებიდან არეკლილ სიგნალს აფიქსირებს.
მინიატიურული მიკროფონები ასევე აღრიცხავენ კოღოს ფრთების მოძრაობით გამოწვეულ ჰაერის სუსტ რხევებს. სისტემა მწერს სწორედ ამ რხევების დამახასიათებელი სიხშირის მიხედვით ამოიცნობს.
მოწყობილობა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მისი ეფექტიანობა მეცნიერებმა უნდა შეაფასონ. მასობრივი გამოყენებისთვის აუცილებელია ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობის გაზრდა, ბორტკომპიუტერის გაძლიერება და იმ სისტემის გაუმჯობესება, რომელმაც კვადროკოპტერების ერთმანეთთან შეჯახება უნდა აღკვეთოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მალარიით ყოველწლიურად 600 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება. დაღუპულთა დიდი ნაწილი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვია.