ახალი კვლევების მიხედვით, კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გავლენა სეტყვის გავრცელებასა და ინტენსივობაზეც იქონიოს. როგორც მეცნიერები ამბობენ, უახლოეს დღეებში სეტყვა ზოგიერთ რეგიონში, სავარაუდოდ, უფრო დამაზიანებელი გახდება.
სპეციალისტების თქმით, კლიმატის ცვლილება ატმოსფეროს ათბობს და მასში ტენიანობას ზრდის. შესაბამისად, უფრო მარტივად ყალიბდება ჰაერის აღმავალი ნაკადებიც, რაც სეტყვის მარცვლების ზომაზე ზემოქმედებს.
რვა კლიმატური მოდელის ანალიზმა აჩვენა, რომ სეტყვისთვის ხელსაყრელი გარემო პოლუსებისკენ ინაცვლებს. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ მსგავსი პირობები ჩრდილოეთ ევროპაში, კანადაში, აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე უფრო გახშირდება.
ჩატარდა მეორე კვლევაც, რომელიც სეტყვის ზომასა და მისგან გამოწვეულ პოტენციურ ზიანს ეხებოდა. შედეგებმა აჩვენა, რომ მომავალში დიდი ზომის სეტყვის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ხოლო მცირე ზომისამ იკლოს.
საბოლოოდ, ორივე ნაშრომს ერთსა და იმავე დასკვნამდე მივყავართ: გლობალური დათბობის გამწვავების პარალელურად სეტყვით გამოწვეული ზიანის რისკიც მოიმატებს.
ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში ძლიერი სეტყვა იყო. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. დასეტყვას ძლიერი წვიმაც ახლდა თან.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ სტიქიის შედეგად ქუჩები დაიტბორა.

20 ივნისს ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა აზარალა წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიც. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სოფელ ხარებაში, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილი პრაქტიკულად განადგურებულია.
სტიქიამ დააზიანა ნათესები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სეტყვა დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და მრავალწლოვანი ნარგავები.
ზარალის ზუსტი მასშტაბი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ვითარებას სწავლობენ.