ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ხუთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევები Tok2Region-მა სხვადასხვა დროს გააშუქა.

მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში, სოფელ გიორგიწმინდასთან, გუშინ მოხდა. ავტომობილი არხში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

8 მაისს, ახალციხის სოფელ აწყურთან ავტომობილი ცხენს შეეჯახა. შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

14 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ასპინძა-ახალციხის გზაზე.

23 აპრილს კი ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

მძიმე სტატისტიკა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთს არ ეხება. 14 მაისს გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რვა ახალგაზრდა ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვიდი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

Tok2Region-ის მიერ აღწერილი შემთხვევების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ასახული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკაში, თუმცა უწყების მონაცემებით, 2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში დაახლოებით 15 000 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ავტოავარიებს მხოლოდ იანვარ-მარტში 92 ადამიანი ემსხვერპლა, 989 კი დაშავდა.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში რეგიონში 14 ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო სისხლის სამართლის წესით გამოძიება. შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, 33 კი დაშავდა.

რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა? მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ კონტროლი არასაკმარისია, ნაწილი კი პრობლემის მთავარ მიზეზად გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებს.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაზიანებული გზები, მძღოლების დაუდევრობა და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები.

ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ე.წ. „შავ წერტილებზე“ — საგზაო მონაკვეთებზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები განსაკუთრებით ხშირად ხდება. მათი შეფასებით, აუცილებელია თითოეული ასეთი მონაკვეთის დეტალური ანალიზი და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2026 წლის 1 მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები გაიზარდა. თუმცა ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტი რევაზ ველიჯანიშვილი Tok2Region-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მხოლოდ სანქციების გამკაცრება საკმარისი არ არის და სისტემური ცვლილებებია საჭირო.

სპეციალისტების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებითაც არის გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მონაცემებით, საქართველოში ტექნიკური დათვალიერება უკვე სამ მილიონზე მეტმა ავტომობილმა გაიარა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ პერიოდული ინსპექტირება პრობლემას სრულად ვერ აგვარებს.

გაეროს პროექტების კონსულტანტი ტრანსპორტის საკითხებში, გელა კვაშილავა, Tok2Region-თან საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია მონიტორინგის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და ავტომობილების პერიოდული შემოწმება უშუალოდ გზებზე.

ტექნიკური გაუმართაობის თემას უკავშირდება ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევაც. მხოლოდ მაისში სხვადასხვა რეგიონში ავტომობილებს მოძრაობისას ან გაჩერების დროს ცეცხლი გაუჩნდათ.

15 მაისს ახალციხეში ავტომობილს ქუჩაში გაუჩნდა ცეცხლი, 11 მაისს მანქანა მარნეულში დაიწვა, ხოლო 7 მაისს ავტომობილი ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე დაიწვა.

სამივე შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Tok2Region-ი 15 მაისის შემდეგ ცდილობს გაარკვიოს, რა დაადგინა გამოძიებამ ახალციხეში მომხდარ შემთხვევაზე, თუმცა შესაბამის უწყებებში კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

იმის გასარკვევად, როგორ ამოწმებს სახელმწიფო ავტომობილების ტექნიკურ გამართულობას და რა ნაბიჯები იდგმება საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, Tok2Region-მა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.

ტრანსპორტის სააგენტოში განმარტეს, რომ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან უნდა მიეღოთ. Tok2Region-ი ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა ერთ კვირაზე მეტი გავიდა და დაპირების მიუხედავად, უწყებას ინფორმაცია არ მოუწოდებია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2025 წელს ქვეყანაში დაახლოებით 70 000 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად გარდაიცვალა დაახლოებით 500 ადამიანი, ხოლო 8 000-ზე მეტი დაშავდა.

შედარებისთვის, 2024 წელს 60 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 55 000-მდე იყო.

სპეციალისტების შეფასებით, არსებული ტენდენცია აჩვენებს, რომ მხოლოდ ჯარიმების გამკაცრება საკმარისი არ არის და საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა უფრო ფართო, სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს.