დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
„თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს. 2022 წლიდან გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პარლამენტმა 28 მაისის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია შეიქმნა.
დიპლომატიის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და განახორციელებს როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს.