ათასობით წლის წინ, ე.წ. „ენების ოქროს ხანაში“, ადამიანები ათიათასობით ენაზე საუბრობდნენ. ზოგიერთი შეფასებით, მათი რაოდენობა 75 ათასს აღწევდა. დღეს მსოფლიოში დაახლოებით 7 500 ენაა შემორჩენილი. ასეთ დასკვნამდე ესპანეთის, გერმანიის, აშშ-ისა და ახალი ზელანდიის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა, რომელმაც ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში ენების ისტორიის აღდგენა სცადა.
მეცნიერების შეფასებით, ენობრივმა მრავალფეროვნებამ პიკს დაახლოებით ძვ. წ. 1000 წლიდან ახ. წ. 1000 წლამდე პერიოდში მიაღწია. ამას ნაწილობრივ სოფლის მეურნეობის გავრცელების შემდეგ მოსახლეობის სწრაფ ზრდას უკავშირებენ. ადამიანთა რაოდენობა იზრდებოდა, თუმცა ბევრი ჯგუფი ერთმანეთისგან იზოლირებულად ცხოვრობდა და მეზობელ თემებთან მცირე კონტაქტი ჰქონდა. შედეგად, სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული ენები ყალიბდებოდა.
მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. დიდი სახელმწიფოების გაფართოებასთან ერთად ფართოდ ვრცელდებოდა ის ენებიც, რომლებსაც ადმინისტრაციაში, ვაჭრობასა და სამხედრო სფეროში იყენებდნენ. მაგალითად, რომის იმპერიაში საერთო საკომუნიკაციო ენად ლათინური დამკვიდრდა, აღმოსავლეთ ნაწილში კი ფართოდ გამოიყენებოდა ბერძნული.
მკვლევრების თქმით, დღეს იმ ენების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი, რომლებიც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არსებობდა. ენების გაქრობასთან ერთად იკარგება არა მხოლოდ სიტყვები და გრამატიკული წესები, არამედ ცოდნა, სამყაროს აღწერის განსხვავებული გზები, უნიკალური ბგერები და აზრის გამოხატვის ისეთი ფორმებიც, რომელთა ანალოგიც თანამედროვე ენებში შესაძლოა აღარ არსებობდეს.
ენების შემცირების პროცესი დღესაც გრძელდება. მსოფლიოში არსებული დაახლოებით 7 500 ენიდან ყოველწლიურად სულ მცირე ოთხი ქრება. განსაკუთრებით მოწყვლადია მცირე ხალხებისა და იზოლირებული თემების ენები, მათ შორის ამაზონისა და პაპუა-ახალი გვინეის რთულად მისადგომ რეგიონებში გავრცელებული ენები. ახალგაზრდების ქალაქებში გადასვლა და სკოლებში სახელმწიფო ენაზე სწავლება ხშირად იწვევს იმას, რომ მშობლიური ენა ახალ თაობას აღარ გადაეცემა.
პროცესს აჩქარებს გლობალიზაცია, მიგრაცია და მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული ენების, მათ შორის ინგლისურის, მზარდი გავლენა. არსებული პროგნოზებით, საუკუნის ბოლომდე გამოყენებიდან შესაძლოა კიდევ დაახლოებით 1 500 ენა გაქრეს.
https://euro-pulse.ru/news/tysyachi-let-nazad-na-zemle-sushhestvovalo-75-tysyach-yazykov-sejchas-ih-tolko-7500/