საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი - ქალბატონმა ხატიამ [დეკანოიძემ] მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება და ესეც დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო სანქციების დაწესების პროცესის მონაწილე არაა, ამიტომ საკუთარ მოსაზრებას ვერ გამოთქვამს, თუმცა მისი აღმსრულებელია. ამასთან, ხუციშვილის განმარტებით, არსებობს პროდუქტები და ტრანზაქციები, რომელთა დაკავშირებითაც ქვეყნებს გამონაკლისი აქვთ დაშვებული.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოხდა სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე და ბელარუსზე. ამ ნაწილში აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ჯამში დაახლოებით 100 განცხადებამდე მაინც გვაქვს გაკეთებული, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყო სანქციებთან მიმართებით. ქალბატონმა ხატიამაც (დეკანოიძემ) მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა შეკითხვა და ასევე მტკიცებით ფორმაში დაამატა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება. ესეც არის დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება.

საქართველოში სანქციების აღსრულება სრულად ხდება. არ არსებობს სანქციების დარღვევის ფაქტები საქართველოში. სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, რა ფორმითა და მასშტაბითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. უშუალოდ საქართველოს სანქციები დაწესებული არ აქვს. საქართველო არის სანქციების აღმასრულებელი და იმ ფორმით და იმ მასშტაბით ასრულებს სანქციებს, რა ფორმითა და მასშტაბითაც არის დადგენილი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.