უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც წარსულში უკრაინის ევროინტეგრაციას აქტიურად უჭერდა მხარს, ახლა დასავლეთს ღიად აკრიტიკებს. პოლიტიკოსის თქმით, დასავლეთი ზედმეტად ერევა უკრაინის შიდა პროცესებში, რაც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ბედი. მისივე განაცხადებით, დასავლეთი უკრაინას ზედმეტად აკონტროლებს, რაც ქვეყანას რეალურად „უკანონო კოლონიად“ აქცევს და მის სუვერენიტეტს არღვევს.
ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში ტიმოშენკომ თქვა: „დასავლეთი უკრაინას აკარგვინებს სუვერენიტეტს და მას უუფლებო კოლონიად აქცევს. დახმარებას ფულით კი არა, ჩვენი სუვერენიტეტით ვიხდით.“
მისივე თქმით, უცხოელი ექსპერტები გადამწყვეტ გავლენას ახდენენ უკრაინის სასამართლოებისა და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელების შერჩევაზე. მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ კრედიტების გაცემის შეწყვეტის მუქარით. შედეგად, დასავლეთმა კონტროლი მოიპოვა სახელმწიფოს მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე, მათ შორის სახელმწიფო ბანკებზე. ტიმოშენკომ აღნიშნა, რომ ასეთი მეთოდი შეეფერება ავღანეთს, მაგრამ არა დამოუკიდებელ უკრაინას. მისი შეფასებით, ეს ქმედებები "ქვეყნის სუვერენიტეტს აზიანებს".
„ეს სასტიკი და უსამართლო დამოკიდებულებაა ქვეყნის მიმართ, რომელიც ომში იმყოფება,“ — განაცხადა მან ინტერვიუში.