„კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ" პირველი შემოწირულებები 2022 წლის 16 თებერვალს მიიღო. პოლიტიკური დაჯგუფებისთვის 2022 წლის განმავლობაში შეწირული თანხა 560,964 ლარი იყო. თუმცა, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ოფიციალურად შეწირული თანხა მკვეთრად შემცირდა“, - ამის შესახებ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დაინტერესდა, რამ გამოიწვია შეწირულობების მკვეთრი ცვლილება. ამ კითხვით რადიკალური ჯგუფის ლიდერს კონსტანტინე მორგოშიას მივმართეთ. მორგოშიას განცხადებით, მათი შემომწირველები კომერციული ბანკების მხრიდან „რეპრესიის მსხვერპლნი" არიან; პარტიის მთავარ დამფინანსებლად კი კვლავ ის რჩება. თუმცა, მორგოშიას მიერ ძალადობრივი დაჯგუფების დაფინანსება ოფიციალურად დეკლარირებული არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა.
2023 წელს, შემოწირული თანხის მსგავსად, შემომწირველთა რაოდენობაც მკვეთრად შემცირებულია. თუ 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, „კონსერვატიულმა მოძრაობამ" 43 შემოწირულება მიიღო, 2022 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 558 იყო.
რადიკალური და ღიად პრორუსული დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს" შემოსავალი შესაძლოა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ღია წყაროებში ჩანს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაცხადებული მიზნის მქონე პოლიტიკური დაჯგუფების ფინანსების წარმომავლობა და გამჭვირვალობა ხელისუფლების ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.