"ბოლო ერთი კვირაა, თითქმის ყოველდღიურად მატყობინებენ ზედოზირების ახალ შემთხვევებს", - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექიმმა-ნარკოლოგმა და პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ სიხარულიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოში ახალი ნარკოტიკები გამოჩნდა, ზედოზირების რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.

"ბოლო ერთი კვირაა, თითქმის ყოველდღიურად მატყობინებენ ზედოზირების ახალ შემთხვევებს. რამდენიმე მათგანი სიკვდილითაც დასრულდა. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ზოგიერთი შემთხვევის კლინიკური სურათი მაფიქრებინებს ძლიერ სინთეზურ ოპიოიდებზე. შესაძლოა ნარკოტიკულ ბაზარზე კვლავ გამოჩნდა ფენტანილი ან მისი ძალიან ძლიერი ანალოგები, მათ შორის კარფენტანილი ან შესაძლოა გავრცელდა ნიტაზენების ჯგუფის სინთეზური ოპიოიდები.

ნიტაზენების ზოგიერთი სახეობა ძალიან ძლიერია და დაკავშირებულია მძიმე და ფატალურ ზედოზირებასთან. მათი აღმოჩენა ჩვეულებრივ ტოქსიკოლოგიურ ტესტებში ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სავარაუდო მიზეზებია - საბოლოო პასუხი ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გვითხრან ექსპერტებმა, რა ნივთიერებები ტრიალებს ახლა საქართველოში, რამდენი ზედოზირება გვაქვს და რამდენი კაცი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია არ არის დასამალი, შეიძლება ვინმეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს".

- გაქვთ ინფორმაცია ზედოზირებით სიკვდილის შემთხვევების შესახებ?

- არა, სტატისტიკა არა მაქვს, ჩვენი მოქალაქეები მიკავშირდებიან და მიყვებიან, რომ ბოლო ერთ კვირაში ბევრი მომხმარებელი მოხვდა რეანიმაციაში. ვიცი გარდაცვალების 2 შემთხვევაც...ექიმებს მაინც უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რომ გავაფრთხილოთ ხალხი. როცა ამოღებულ ნარკოტიკებზე წერენ, ექსპერტიზის დროს რომელი ნივთიერება ამოდის, ინფორმაცია დახურულია, ისევე როგორც გარდაცვლილთა ექსპერტიზის. არ ვიცით, რამდენი ზედოზირებაა, რამდენი პირი მოხვდა ემერჯენსში, რა ნარკოტიკი იყო მოხმარებული.

ეს ხომ იმისთვისაა, რომ შემდგომ თუ მოხდება ასეთი რამ, ექიმები, მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები იყვნენ ფრთხილად. ამდენი წელიწადია ვითხოვთ და მაინტერესებს, რატომ არ შევუერთდით პირველადი შეტყობინების სისტემას, რომელიც ევროპაში უკვე რამდენიმე წელია არსებობს, რათა ვიცოდეთ, რა ტიპის ნივთიერებები ტრიალებს ჩვენთანაც.

- რამე ახალი შემოვიდა ბაზარზე?

- ეს არის სინთეტიკური ოპიატები - ფენტანილი, კარფენტანილი, ნიტაზენების ახალი ჯგუფი... ისინი კიდევ უფრო მძიმე და უფრო რთული ნივთიერებებია და მათ სხვა ტიპის ნივთიერებებში ურევენ. არის შემთხვევები, როცა ისეთ ჩვეულებრივ სააფთიაქო პრეპარატებში ურევენ, როგორიცაა დიაზეპამი, ქსანაქსი, პრეგაბალინი. ამ მხრივ ძალზე დამძიმდა ვითარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - რუსეთში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინაში... ჩვენ ყველა ამ ნივთიერების აბსორბციას ვახდენთ, ვინაიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. რამდენი წელია ამ დარგში ვარ და ასეთი რამ არ მახსოვს -

ნარკოტიკების ასეთი დიდი რაოდენობა, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს, 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა. პოლიცია არსებული ნარკოტიკების მხოლოდ 25%-ს იღებს, დანარჩენი 75% ტრიალებს ბაზარზე.

საჭიროა ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა, რეაბილიტაცია, პრევენცია, დეტოქსი, ამისთვის არსებობს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, და ა.შ. ყველა ამ კომპონენტს თუ არ აამოქმედებ, აზრი არა აქვს, მარტო ნარკოტიკის ამოღება აბსოლუტურად უსარგებლოა. დღეს რომ კილოგრამს ამოიღებენ, ხვალ ორი გაჩნდება.

საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო სტიმულაციური ნარკოტიკები, დღეს უკვე მეფედრონის ბუმია. დღე არ გავა, კოკაინი არ ამოიღონ. მიუხედავად ამდენი ნარკოტიკის ამოღებისა, ბაზარზე დეფიციტი არ არის. ერთადერთი, რისი დეფიციტიც არის, მარიხუანაა.

- კლინიკური სურათი ძლიერ სინთეზურ ოპიოიდებზე მეტყველებს?

- სიკვდილის და კომის განვითარება და გახშირებული ზედოზირება გვაფიქრებინებს, რომ ეს არის კარფენტანილი. როცა ზედოზირებები იმატებს, აღმოჩნდება, რომ მართლა ფენტანილი იყო (თუმცა ბევრი სიცოცხლე შეიწირა). როცა ნარკოტიკის მომხმარებლების პრევალენტობა 2%-ია, რაზე ვლაპარაკობთ?

მაღალი ტრიბუნებიდან გვეუბნებიან, როგორი წარმატება აქვს ჯანდაცვას. რომელი წარმატება, უკან და უკან მივდივართ. დღეს ჯანდაცვაში ყველაფერი დანგრეულია - დეფიციტია ონკოლოგიური და ფსიქოტროპული პრეპარატების. ხალხი ტკივილით იტანჯება, რადგან არ არის ნარკოტიკული საშუალებების და სხვა ტკივილგამაყუჩებლების არჩევანი. უკვე 13-14 წლის მომხმარებლები გვყავს, რაც კატასტროფაა.

ნახეთ სრულად: BPN.GE