კლიმატთან დაკავშირებული პირობები არასაკმარისია; Oxfam ამხელს, თუ როგორ იღებენ სუპერ მდიდრები სარგებელს კატასტროფებისგან.

გაეროს ახალი ანგარიში ცხადყოფს, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდის უსაფრთხო ფარგლებში შესანარჩუნებლად, ვერ დავეყრდნობით ქვეყნების მიერ კლიმატის სფეროში ამჟამად აღებულ ვალდებულებებს. უახლესი გეგმების მიხედვით, 2035 წლისთვის სათბურის აირების გლობალური გამოფრქვევები, 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, მხოლოდ ექვსი პროცენტით შემცირდება.

ეს მაჩვენებელი გასული წლის პროგნოზთან — 10-პროცენტიან შემცირებასთან — შედარებით უფრო დაბალია, რაც დიდწილად აშშ-ის პარიზის შეთანხმებიდან გასვლითაა განპირობებული. ეს მაინც საგრძნობლად ჩამორჩება იმ 60-პროცენტიან შემცირებას, რომელიც, მეცნიერთა თქმით, აუცილებელია გლობალური დათბობის 1,5°C-ის ფარგლებში შესაკავებლად — ზღვრული ნიშნული, რომლის გადალახვაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფულ და შეუქცევად შედეგებს გამოიწვევს.

154 ქვეყნის ვალდებულებების გათვალისწინებით, ანგარიში გლობალური ემისიების 71 პროცენტს მოიცავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ქვეყანა სრულად შეასრულებს პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებულ სავალდებულო გეგმებს და ასევე მიაღწევს პირობით მიზნებს, ემისიების შემცირება მხოლოდ 9 პროცენტს შეადგენს.

იმისათვის, რომ გლობალური დათბობა პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ზღვრულ ნიშნულზე — ინდუსტრიამდელ დონესთან შედარებით 2°C-ის ფარგლებში — შენარჩუნდეს, 2035 წლისთვის ემისიები 37 პროცენტით უნდა შემცირდეს. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამონაბოლქვის შემცირების მცდელობები წარმატებული იქნება, გაერომ მიმდინარე თვის დასაწყისში გააფრთხილა მსოფლიო, რომ მოსალოდნელია 1,5°C-იანი ზღვრის დროებითი ან, შესაძლოა, ხანგრძლივი გადაჭარბება. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ ქვეყნები უნდა მოემზადონ 2100 წლისთვის ტემპერატურის შესაძლო 3°C-ით მატებისთვის.

შეუძლიათ თუ არა კერძო ინვესტორებს გლობალური დათბობის საკითხში მნიშვნელოვანი ცვლილების მოხდენა?

მეორე ანგარიშში, რომელიც ასევე 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, გაერომ დაადგინა, რომ კლიმატისთვის განკუთვნილი გლობალური დაფინანსება იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება საჭირო მოცულობას. 2023-2024 წლებში კლიმატთან დაკავშირებული გლობალური დაფინანსება წელიწადში საშუალოდ 1,9 ტრილიონ დოლარს (1,7 ტრილიონ ევროს) შეადგენდა, რაც 2021-2022 წლების მაჩვენებელზე 32%-ით მეტია. ეს ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო დაბალი ემისიის ტექნოლოგიებში (მათ შორის განახლებად ენერგიაში) განხორციელებული კერძო ინვესტიციებით, ასევე — შინამეურნეობების მიერ ელექტრომობილების, მზის ენერგიის სისტემებისა და სითბური ტუმბოების შესაძენად გაწეული ხარჯებით.

მაშ, რადგან მთავრობის ძალისხმევა უშედეგოა, შეძლებს თუ არა კერძო ინვესტიციები არსებული დეფიციტის შევსებას?

საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის ცალკეულ ანგარიშში, რომელიც თურქეთში კლიმატის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებამდე (COP31) გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ყველაზე მდიდარი ინვესტორებისთვის არსებული სტიმულები მათ ხშირად არასწორი მიმართულებით უბიძგებს.

სუპერ მდიდრები არა მხოლოდ აძლიერებენ კლიმატურ კრიზისს გარემოს დამაბინძურებელი საქმიანობით, არამედ „ტანჯვის ხარჯზეც მდიდრდებიან“ — ზოგჯერ კი „ორმაგ სარგებელსაც“ იღებენ: ჯერ იმ ინდუსტრიებისგან, რომლებიც კლიმატურ კატასტროფას იწვევენ, შემდეგ კი იმ ბიზნესებისგან, რომლებიც კატასტროფებისთვის მზადებასა და მათ შედეგებთან გამკლავებაში მონაწილეობენ, — აცხადებს Oxfam-ი.

როგორ იღებენ სუპერ მდიდრები სარგებელს კლიმატური კრიზისისგან?

Oxfam-ის ახალი „განადგურებისა და აღდგენის ინდექსი“, რომელიც მოხსენებაში „კატასტროფების უთანასწორობა: როგორ აღრმავებს კლიმატის ქაოსი უთანასწორობას და ამდიდრებს უმცირესობას“ შედის, 217 კომპანიას მოიცავს, რომელთაგან ზოგიერთი კლიმატის ცვლილების ხელშემწყობი ინდუსტრიებიდანაა, ზოგი კი - კლიმატური კატასტროფებისთვის მზადების ან მის შემდეგ აღდგენის პროცესში ჩართული ინდუსტრიებიდან.

საქველმოქმედო ორგანიზაციის მონაცემებით, ინდექსში შემავალმა კომპანიებმა 2025 წელს, საშუალოდ, 1,8 მილიარდი დოლარის (1,6 მლრდ ევრო) მოგება მიიღეს, აქციონერებზე კი, საშუალოდ, 1 მილიარდ დოლარზე მეტი გასცეს. პროგნოზის თანახმად, კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენის გლობალური ბაზარი 2029 წლისთვის 70 მილიარდი დოლარიდან (63 მლრდ ევრო) 92 მილიარდ დოლარამდე (84 მლრდ ევრო) გაიზრდება.

Oxfam-ის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოს 1000 უმდიდრესი მილიარდერის ინვესტიციები 486 მილიონი ტონა CO2-ის ეკვივალენტის ოდენობის გამონაბოლქვთან იყო დაკავშირებული. ისინი რომ ცალკე ქვეყანა ყოფილიყვნენ, მსოფლიოში გარემოს დამაბინძურებელთა შორის მე-19 ადგილს დაიკავებდნენ. ამ ინვესტიციების 71 პროცენტი ისეთ სექტორებზე მოდის, რომლებიც გარემოს ინტენსიურად აბინძურებენ — ესენია ნავთობის, გაზისა და ქიმიური მრეწველობის სექტორები.

ვრცლად euronews–ზე