თურქეთის ხელისუფლება ახალი ტურისტული სეზონისთვის სასტუმროებში მოქმედი all-inclusive სისტემის არსებით შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმის სექტორიდან პერიოდულად შედის წინადადებები სისტემის გადახედვის შესახებ. მათ ტურიზმის სამინისტროსა და შესაბამის ასოციაციებთან განიხილავენ, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება, რომელიც სასტუმროებში მომსახურების არსებულ მოდელს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, მიღებული არ არის. ხელისუფლების განცხადებით, ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში ტურისტების ინტერესები პრიორიტეტული იქნება.
სისტემის გადახედვის იდეა უკავშირდება სასტუმროებში საკვების ნარჩენების შემცირებასა და პროდუქტებზე გაზრდილი ფასებით გამოწვეული ხარჯების შეკავებას. ცვლილების მომხრეები ასევე მიიჩნევენ, რომ სასტუმროების გარეთ ტურისტების მიერ მეტი თანხის დახარჯვა ადგილობრივ ბიზნესს დაეხმარება. თუმცა ამჟამად all-inclusive-ის გაუქმება ან ფუნდამენტური ცვლილება გადაწყვეტილი არ არის.