აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე მისი პოსტების დაჩქარებული მიღების სერვისით Bloomberg-ი და უოლ-სტრიტის ორი სავაჭრო კომპანია - Susquehanna International Group და Jump Trading - ისარგებლებენ.
Reuters-ის წყაროების ცნობით, სერვისის ღირებულება თვეში 100 000 დოლარამდეა.
სერვისი სახელწოდებით Truth API მომხმარებლებს ტრამპისა და Truth Social-ის სხვა გავლენიანი ანგარიშების პოსტებზე სხვებთან შედარებით უფრო სწრაფ წვდომას აძლევს. ეს ფინანსური ბაზრებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტის განცხადებებმა შესაძლოა აქციების, ნავთობისა და სხვა აქტივების ფასებზე იმოქმედოს.