200-მილიონიანი პროგრამის მიღმა დარჩენილი სოფელი - რატომ არ არის თისელი გაზიფიცირების გეგმაში?

სოფელ თისელის გაზიფიცირების საკითხი კვლავ გაურკვეველი რჩება. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაიწყება სოფელში ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა.

თისელი ახალციხის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებს შორისაა, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირი დღემდე არ მიეწოდება. ადგილობრივები გათბობისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის კვლავ შეშას იყენებენ.

იმის გასარკვევად, თუ რა გეგმები აქვს სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, ადგილობრივმა მედიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა. უწყებიდან მიღებული პასუხის მიხედვით, გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის №2120 განკარგულებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნულ გეგმაში ცვლილებები 2024 წელს შევიდა. განახლებული გეგმით, საქართველოს მასშტაბით 56 836 აბონენტის გაზიფიცირება უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც 200 მილიონ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული. მოგვიანებით, პროექტების დასრულების ვადა 2026 წლამდე გახანგრძლივდა.

ეკონომიკის სამინისტრომ ასევე გაავრცელა იმ დასახლებების ჩამონათვალი, რომლებიც პროგრამაშია გათვალისწინებული. ახალციხის მუნიციპალიტეტიდან სიაში მოხვედრილია 10 სოფელი: საყუნეთი, აწყური, ტყემლანა, ზიკილია, აგარა, გურკელი, წინუბანი, გიორგიწმინდა, მუგარეთი და საძელი.

თუმცა, ჩამონათვალში არ ფიგურირებს სოფელი თისელი. ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, ბუნებრივი აირი სრულად ხელმისაწვდომი არც იმ სოფლების ნაწილშია, რომლებიც ოფიციალურ სიაშია შეტანილი.

ეკონომიკის სამინისტროსგან ამ დრომდე არ არის განმარტებული, რატომ არ მოხვდა თისელი პროგრამაში და რა ვადებში იგეგმება მისი გაზიფიცირება. ასევე უცნობია, როდის უნდა დამტკიცდეს ან დაიწყოს პროგრამის შემდეგი ეტაპი.

გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ადგილობრივმა მედიამ საჯარო ინფორმაცია გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდანაც გამოითხოვა. პასუხის მიღების შემთხვევაში თემაზე დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება.

წყარო: Tok2Region