თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ მდებარე სახელმწიფო ქონება აუქციონზე 34 810 000 ლარად გაიყიდა, რაც მის საწყის ფასზე - 14.1 მილიონ ლარზე, 21 მილიონი ლარით მეტია.

აღნიშნულ შენობაში გასულ წლამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისი მდებარეობდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა.

აუქციონი 13 აგვისტოს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ობიექტი თბილისში, შალვა დადიანის ქუჩა N2/კოტე აფხაზის ქუჩა N1-ში მდებარეობს და მოიცავს 478 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობას. მას საინვესტიციო ვალდებულებები მოჰყვება.

სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გასაყიდად გამოტანილი ობიექტის საწყისი ფასი 14 080 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი 10 000 ლარი.

შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ქონების საპრივატიზებო პირობაა მაქსიმუმ 4 წლის ვადაში მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტერიტორიაზე ბიზნეს-ობიექტის (სასტუმრო, ოფისი, სავაჭრო ან კვების სივრცე) ამოქმედება.

"ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 48 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე კომერციული/ბიზნეს საქმიანობის მიზნით, საოფისე სივრცეების ან/და საერთაშორისო ოპერატორი კომპანი(ებ)ის (ან/და მათი ფილიალების) ქსელის სასტუმრო(ებ)ის ან/და სავაჭრო ან/და საკვები ობიექტ(ებ)ის/სივრც(ეებ)ის (გარდა ყოველდღიური მიზნებისთვის განკუთვნილი პირველადი მოხმარების ნივთების/საგნების სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება",- აღნიშნულია აუქციონის შესახებ ინფორმაციაში.

ამასთან, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან/თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპრივატიზებო უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გააფორმოს.

bm.ge