თბილისის შემოსასვლელში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სკვერში, [სამგორის პარკი] ერეკლე მეორის ძეგლის დადგმა იგეგმება, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ 940 064  ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

შესაბამისი დოკუმენტაცია შესყიდვების ვებგვერდზე უკვე განთავსებულია. დოკუმენტაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ძეგლის დასამზადებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 955 ათასი ლარი გამოიყო.

ძეგლი მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრის მიხედვით შესრულდება. მერაბიშვილი თელავში არსებული ძეგლის ავტორია.

პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია. მთავრობასა და შპს „ნიუკონსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ეს ეტაპი მოიცავდა ძეგლის დამზადებას ნატურალურ ზომებში.

ამჯერად შესყიდვა გამოცხადებულია მეორე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიების შესასრულებლად, რაც მოიცავს თაბაშირის ფორმის მომზადებასა და ძეგლის ჩამოსხმას ბრინჯაოში, ასევე ადგილზე მონტაჟს. ამის ღირებულებაა ცხრაას ორმოცი ათას სამოცდაოთხი ლარი და ცხრამეტი თეთრი.

„გამოჩენილი მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევარია ერეკლე II-ის ძეგლი ქალაქ თელავში, რომელიც ქალაქის ორგანული ნაწილია. სწორედ, აღნიშნული ესკიზის მიხედვით, უნდა დაიდგას ძეგლი თბილისის შემოსასვლელში, კახეთის გზატკეცილზე, რომელიც ქალაქის იერსახეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ახალ ნიმუშს შესძენს.

პროექტი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, თავისი ისტორიული დატვირთვიდან გამომდინარე, რადგან უკავშირდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწის უკვდავყოფას.

ერეკლე II-ის ძეგლის დადგმას ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ექნება. ერეკლე II-ის ცხენოსანი ფიგურა უდრეკ მებრძოლსა და მხედართმთავარს განასახიერებს, რომელიც ქვეყნის სიძლიერესა და მის პოლიტიკურ მოღვაწეობას თვალსაჩინოდ წარმოაჩენსმისი მხატვრული ინტერპრეტაციისა და ფართო პოლიტიკურ მნიშვნელობის გათვალისწინებით, სიმბოლურია, ერეკლე II-ის მონუმენტი ქალაქის შემოსასვლელში დაიდგას“, – აღნიშნულია განაცხადში.

განცხადების მიხედვით, ძეგლის დასადგმელად 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდია გათვალისწინებული.

„ძეგლის საზეიმოდ გახსნა დაგეგმილია 2025 წლის სექტემბერში, ხოლო ძეგლის დამზადების სპეციფიკის გათვალისწინებით, ძეგლის ყალიბის მომზადებისა და მისი ბრინჯაოში ჩამოსხმის სამუშაოები საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამდენად, აუცილებელია მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დაიწყოს შემჭიდროებულ ვადებში“, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

განცხადების მიხედვით, ესკიზზე საავტორო უფლებებს მარიამ და სოფიო მერაბიშვილები ფლობენ. პროექტის მეორე ეტაპიც იმავე კომპანიამ უნდა შეასრულოს, რომელმაც პირველი ეტაპი შეასრულა. სამინისტრო ამბობს, რომ საავტორო უფლებების მფლობელებსა და შპს „ნიუკონსს“ შორის ხელშეკრულება გაფორმებულია.

სწორედ ამიტომ სამინისტრომ გამოაცხადა გამარტივებული შესყიდვა და ხელშეკრულებას შპს „ნიუკონსთან“ გააფორმებს.

„ძეგლი, ნატურალურ ზომებში დაამზადა შპს „ნიუკონსმა“, გამოცდილი მოქანდაკეების ჩართულობით, რისი ხელახალი განხორციელებაც, შეუძლებელია და დაკავშირებული იქნება დამატებითი ხარჯების გაწევასთან, შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ საბოლოო ჯამში ვერ მივიღოთ სრულყოფილი ნამუშევარი.

გარდა ამისა, შპს „ნიუკონსს“, პირველი ეტაპის დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისაგან, ასევე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსაგან აღებული აქვს შესაბამისი ნებართვები, ერეკლე II-ის ქანდაკების განთავსების თაობაზე“, – აღნიშნავს სამინისტრო.

შპს ნიუკონსის დირექტორი ბესარიონ ჯიმშელიძეა. ეს კომპანია ახორციელებს იმ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც, სადაც ძეგლი უნდა დაიდგას.

შესყიდვების ვებგვერდზე შპს „ნიუკონსსა“ და თბილისის მერიას შორის არაერთი, მრავალმილიონიანი ხელშეკრულება იძებნება.

წყარო: publika.ge