წარმოვიდგინოთ პროცესი: ჩინეთიდან მოდის ტვირთი, რომელიც შეუკვეთა სამხრეთ კორეულმა გადამზიდავმა. ტვირთის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანული მატარებელი ახორციელებს. ვაგონები დანიური კომპანიის მიერ არის წარმოებული. ტვირთის მიმღები ქვეყანა არის ესპანეთი. ფულს იხდის ირლანდია, რადგან მისი ბიზნეს ინტერესებია. მატარებელს პოლონელი მემანქანე მართავს. დამზღვევი კომპანია რუმინულია. ტვირთებს ლოგისტიკურ მომსახურებას ახალქალაქის სადგური უწევს. პროცესში უამრავი მხარე: ქვეყანა და ბიზნეს სუბიექტი მონაწილეობს. ამ ყველაფრის ნაწილი კი საქართველოა. ასე შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა გლობალური სავაჭრო პროცესის მონაწილე.
წლებია საუბარი მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული და გლობალური სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის საკითხზე. თუმცა მიზნის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან არსებობს შემზღუდავი ფაქტორები. გამოწვევებს შორის არის მომსახურების დაბალი ხარისხი, მოძველებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტური მენეჯმენტი. ასევე, სამუშაო ძალის ორგანიზების და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ეს პრობლემური საკითხების არასრული ჩამონათვალია.
საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებლის ფუნქციის შესრულებაში გეოგრაფიული მდებარეობა უწყობს ხელს. გაცხადებული სურვილისა და ხელსაყრელი მდებარეობის მიუხედავად, ქვეყანამ ეს ფუნქცია ჯერ კიდევ ვერ შეითავსა. რა გახდა ამის მიზეზი? რატომ ვერ ახერხებს საქართველო ამ დრომდე პოტენციალის გამოყენებას? საკითხზე ,,კომერსანტი“ ბიზნესადმინისტრირების დოქტორს ზურაბ მაღრაძეს ესაუბრა. ის მთავარ გამოწვევად ქვეყანაში თავისუფალი სავაჭრო ბაზრის არარსებობას ასახელებს. ზურაბ მაღრაძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს შესაბამისი სავაჭრო რეჟიმები, შესაბამისი საბაჟო კანონმდებლობა, ტვირთების სახეობების მიხედვით საჭირო გადაზიდვები და სხვა. უმთავრეს პრობლემად ის ბირჟების არარსებობას ასახელებს.
,,არა თუ რეგიონალური, არამედ საერთაშორისო დონის ჰაბი, რომ იყოს ქვეყანა ამისათვის საჭიროა ქვეყანა ჩაჯდეს საერთაშორისო მოთხოვნების წესრიგში. როდესაც ვსაუბრობთ აზიიდან ევროპისკენ, ან ევროპიდან აზიისკენ ტვირთების, ფასიანი ქაღალდების, ვალუტების, ადამიანების ანუ მგზავრების გადაზიდვებზე, მოძრაობაზე, უნდა გავითვალისწინოთ მთავარი მოცემულობა - აზია და მისი ტვირთების წარმომქმნელი ქვეყნები ძირითადად წარმოგვიდგება როგორც ადმინისტრაციული ეკონომიკების ქვეყნები. (მაგალითად, ჩინეთში დღემდე კომუნისტური რეჟიმია. შუა აზიაშიც ჯერ არ არის თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა და არც ლიბერალური დემოკრატია.) ევროპა ამ დროს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სივრცეა. ახლა წარმოიდგინეთ, მბრძანებლურ ადმინისტრაციულ ეკონომიკურ სივრცეში იქმნება კაპიტალი. ეს კაპიტალი შეიძლება იყოს უშუალოდ საქონელი ან რაღაც ტექნოლოგია, რომელიც უნდა გადავიდეს ევროპის თავისუფალ ბაზარზე. აქ რეგიონული ჰაბის მთავარი გამოწვევა, რასაც საერთაშორისო წესრიგი გვთხოვს, არის ის რომ საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. ეს ნიშნავს, რომ საბანკო სისტემასთან ერთად ქვეყანას უნდა გააჩნდეს თავისუფალი ანუ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ბირჟები, როგორიც არის საფონდო ბირჟა, სასაქონლო ბირჟა, სავალუტო ბირჟა, ტექნოლოგიური ბირჟა და ა.შ.’’- აცხადებს ზურაბ მაღრაძე.
ბიზნესადმინისტრირების დოქტორი განმარტავს, რომ ქვეყანაში თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაქმნელად საჭიროა საქართველომ ევროკავშირის 9 რეკომენდაცია შეასრულოს.
,,ევროკავშირის დღევანდელი მოთხოვნა ე.წ. 9 პუნქტის სახით სწორედ ამ წესრიგთან გვაახლოებს. პირველ რიგში საჭიროა ეკონომიკის ლიბერალიზაცია. როგორც კი, ევროპის 9 პუნტქი შესრულებულად ჩაითვლება, ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება როგორც ევროპიდან ასევე აზიიდან კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა საქართველოს გავლით. ანუ ვაჭრობა უნდა შედგეს საქართველოში. მთავარია წესრიგის პლატფორმა, სადაც ეს კონტინენტური სავაჭრო გარიგებები შედგება. ევროპის 9 პუნქტის შესრულება უზრუნველყოფს თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას. როგორც კი დაიწყება განვითარების პროცესი, ეტაპობრივად მოემატება ინვესტიციებიც და ინტერესებიც.’’- განმარტავს ზურაბ მაღრაძე.
საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის 9 სატრანზიტო მარშრუტი კვეთს. ამ მარშრუტების მეშვეობით საქართველო სხვადასხვა ქვეყანას აკავშირებს და მათ შორის ვაჭრობისა და ტვირთბრუნვას უზრუნველყოფს. 2023 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოში ამ მარშრუტების განვითარების ანგარიში გამოაქვეყნა. მოინიშნა 7 ქალაქი, რომლებიც სატრანზიტო ქსელში 3 ჯგუფად დაყოფილ კვანძებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ფუნქციას შეასრულებენ. ზურაბ მაღრაძე აცხადებს, რომ საქართველოს წარმოდგენილი ანგარიშის 1%-ც კი არ აქვს შესრულებული. მისი თქმით, პრობლემურია ის გარემოება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ქსელის შექმნაზე ქართული მხარე არ მუშაობს. მაღრაძე ამბობს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ამ საკითხზე ერთობლივ დისკუსიას უნდა მართავდნენ.
,,მსოფლიო ბანკის ანგარიშში ხაზგასმით არის მონიშნული 7 ქალაქი. 3 არის მთავარი ეკონომიკური ცენტრი. აქ მოაზრებულია თბილისი, რუსთავი და გორი. 2 არის ქსელის კვანძები. ეს არის ქუთაისი და ხაშური. ლოგისტიკური ცენტრებია ფოთი და ახალქალაქი. ფოთი ასევე არის დამატებით ინდუსტრიული პარკი. მთავარ ეკონომიკურ ცენტრში პირველ რიგში იგულისხმება ბირჟები. ანუ პლატფორმები, სადაც უნდა მოხდეს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება. რას ნიშნავს ქსელის კვანძები? აბრეშუმის გზა არ არის მხოლოდ შუა დერეფანი. საქართველოს კვეთს საერთაშორისო მნიშვნელობის 9 სატრანზიტო მარშრუტი. შუა დერეფანი არის ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, შავი ზღვის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა, მაგრამ არსებობს კასკა დერეფანი. არის ლაპის ლაზურის დერეფანი. არის კიდეც სხვა დერეფნები. მსოფლიო ბანკმა კი არ უნდა მონიშნოს ეს ლოკაციები. ქართული ბიზნეს წრეები, პოლიტიკური წრეები, ეკონომისტები უნდა ისხდნენ ახლა ფანქარი და ფურცელი უნდა ეჭიროთ ხელში და უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა ვთავაზობდეთ გარე სამყაროს ლოგისტიკურ ცენტრებს, ქსელის კვანძებს და ა.შ. ის რაც გვაქვს დაანონსებული იმისი 1%-ც არ გვაქვს ჯერ ათვისებული.’’- აცხადებს ზურაბ მაღრაძე.
რამდენად არის მზად ქვეყანა მოჭარბებული ტვირთების შემთხვევაში გაუმკლავდეს მას და შეძლოს მისი ადმინისტრირება? უზრუნველყოფს თუ არა არსებული ინფრასტრუქტურა ტვირთნაკადების გამკლავებას? საკითხზე საუბრისას ზურაბ მაღრაძემ აღნიშნა, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში მოქმედი სუბიექტები მოთხოვნას შესაბამისად უპასუხებენ და საჭირო ინფრასტრუქტურას რიგითი მოქალაქეები შექმნიან.
,,ნებისმიერი კაპიტალის მოზღვავებას თავისუფალი ბაზარი თავად უპასუხებს მყისიერად. მაგალითად, წელს ერთი მილიონი ტონა ტვირთი წამოვიდა ყაზახეთიდან. ვთქვათ, ვერ მოემსახურა და იყო ხარვეზები. ბაზარი, რადგან თავისუფალი იქნება ავტომატურად გაჩნდება ახალი ტერმინალები კერძო კაპიტალის საშუალებით. რაც უფრო მეტად მოიმატებს ტვირთების რაოდენობა, მოიმატებს საწყობების, ტერმინალების და ლოგისტიკური სერვისების სივრცეების რაოდენობა. ეს იქნება კერძო საკუთრება რადგან ადამიანები ინვესტიციებს აკეთებენ იქ, სადაც მეტია მოგება. როგორც კი გაჩნდება მოთხოვნა ადამიანები დამოუკიდებლად დაიწყებენ ქმედებას. სახელმწიფოს საქმე იქნება, რომ გარემოს დაცვის ნორმატივები, კომუნიკაციების წესრიგი დაარეგულიროს და კერძო ოპერატორებს მოსთხოვოს. დღეს რომელიმე მოქალაქეს რომ უნდოდეს ძალიან კარგ ადგილას რაიმე ტერმინალის ან მსგავსი ტიპის სივრცის მოწყობა, მას აქვს ერთადერთი ალტერნატივა - მიაკითხოს ბანკს და გამოიტანოს კრედიტი. ამით რისკები მან თავის თავზე უნდა აიღოს. როდესაც იქნება საფონდო ბირჟა, ბირჟაზე აქციების განთავსებით ადამიანები თავისი მცირე დანაზოგების ინვესტირებით ჩაერთვებიან ეკონომიკაში.’’- აცხადებს ზურაბ მაღრაძე.
ბიზნესადმინისტრირების დოქტორი ,,კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისებას პრობლემას ოკუპაცია უქმნის. ზურაბ მაღრაძე განმარტავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის პირობებში კომპანიები უსაფრთხოების რისკებს ხედავენ, რის გამოც მათ შესაძლოა საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირებისგან თავი შეიკავონ. პრობლემის მოგვარების გზად ბიზნესადმინისტრირების დოქტორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ასახელებს.