საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო
მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის
ხეობა) საფრთხის დონე დაბალია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი,
ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია და ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით
აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვარცოფული პროცესის დეტექციის შემდეგ, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.
მათივე ცნობით, ღვარცოფული ნაკადის გავლის შედეგად, მდინარე დევდორკმა მდინარე თერგის მოკლევადიანი შეგუბება გამოიწვია, რის შედეგადაც წარმოიქმნა მოკლეტალღოვანი ნაკადი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მდინარის ჭალა-კალაპოტმა უზრუნველყო წარმოქმნილი ნაკადის უსაფრთხოდ გატარება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია.
„დევდორაკის ხეობაში არსებული განგაშის სისტემა ოპერატიულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მსგავსი მოვლენების განმეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება სიგნალის ამოქმედება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.