ახალციხის მერია ქალაქის სვერებისა და რეკრეაციული სივრცეების განახლების ფარგლებში 150 ახალი სკამის შეძენას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო დოკუმენტაციაშია მოცემული.
დოკუმენტების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ტენდერი 150 000 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „მავნე 2025“-მა მიიღო, რომელმაც სამუშაოების შესრულება 120 000 ლარად შესთავაზა. ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები ჯერ კიდევ შეფასებისა და შერჩევის ეტაპზეა.
ახალი სკამების განთავსება ქალაქის სხვადასხვა სვერსა და საჯარო სივრცეში იგეგმება, თუმცა პარალელურად კვლავ აქტუალურია მუნიციპალური ქონების დაზიანების პრობლემა. მაგალითად, ახალციხის ცენტრალურ სკვერში ერთ-ერთი სკამი დაზიანებულია.
ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისთვის ახალციხის მერიას მივმართეთ. ველოდებით პასუხს, დააფიქსირა თუ არა სამეთვალყურეო კამერამ პირი ან პირები, რომლებმაც აღნიშნული ქონება დააზიანეს.
ვანდალიზმის პრობლემა მუნიციპალიტეტში არაერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი. 2026 წლის 24 მაისს ახალციხის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაზიანებული იყო საბავშვო გასართობი მოედნები, სკამები და რამდენიმე ლოკაციაზე დაწვეს ნაგვის ურნებიც.
როგორც მაშინ ახალციხის მერმა, ვარლამ წიკლაურმა განაცხადა, იმ ტერიტორიებს, სადაც ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა, სამეთვალყურეო კამერები არ აკონტროლებდა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტმა სკვერებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში ვანდალური ფაქტების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა 2023 წელს მოაწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 650 000 ლარი დაიხარჯა.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი საჯარო სივრცეების კეთილმოწყობას აგრძელებს, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, არსებული ქონების დაცვა და მონიტორინგის ეფექტიანობა არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
წყარო: Tok2Region